პროკურატურის ინფორმაციით, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელსაც სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გამართლდა

კონტროლის პალატის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გაგი ხვედელიძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გამართლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე ჩატარებული ხელახალი, გამოძიებითა და მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე სრულიად გამოირიცხა ხვედელიძის მხრიდამ როგორც მანქანის მაგნიტოფონის და ფოტოაპარატ ,,კოდაკის“ მითვისების, ისე გაგი ხვედელიძის მხრიდან რაიმე თანხების გაფლანგვის ფაქტები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით, გაგი ხვედელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გაგი ხვედელიძემ საპატიმრო დაწესებულება, 2013 წლის 25 იანვარს ამნისტიის აქტის საფუძველზე დატოვა.

იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, გაგი ხვედელიძემ, საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას, მიითვისა 300 ლარად ღირებული სამსახურებრივი ავტომანქანის მაგნიტოფონი და 209 ლარად ღირებული ,,კოდაკის“ მარკის ფოტოაპარატი. გარდა აღნიშნულისა, მისი ბრალდება მოიცავდა 5 400 ლარის ღირებულების, 5500 ლიტრი ბენზინის გაფლანგვის, საქართველოს კონტროლის პალატის კუთვნილი ავტომანქანის გაცვლის ოპერაციისას 2 865 ლარის გაფლანგვისა და მოქალაქე ს.ნ-სთან ავტომანქანის გაცვლის ოპერაციისას 2 100 ლარის გაფლანგვის ფაქტებს. საერთო ჯამში, თითქოსდა, სახელმწიფოსადმი გაფლანგვით მიყენებულმა ზიანმა 10 365 ლარი შეადგინა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ საქმეზე ჩატარებული ხელახალი, ობიექტური გამოძიებითა და მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე სრულიად გამოირიცხა როგორც მანქანის მაგნიტოფონის და ფოტოაპარატ ,,კოდაკის“ მითვისების, ისე გაგი ხვედელიძის მხრიდან რაიმე თანხების გაფლანგვის ფაქტები. უფრო მეტიც, დადასტურდა გაგი ხვედელიძის უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტი და მისი მსჯავრდების რეალური, უკანონო მიზანი. კერძოდ, იმჟამინდელი გამოძიების მიერ დაკავების პირველივე დღიდან სისტემატურად ხორციელდებოდა ბრალდებულ გაგი ხვედელიძის მიმართ ზეწოლა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც კონტროლის პალატის მაღალჩინოსანს მამხილებელი ჩვენება მიეცა მისი ყოფილი უფროსის და იმ პერიოდში ასევე დაკავებული ბრალდებულის, სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ კი, მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

2022 წლის 23 მარტს, გაგი ხვედელიძე ცნობილი იქნა დაზარალებულად და სისხლის სამართლის საქმის მასალები განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2022 წლის 14 ივნისს, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ გაგი ხვედელიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე, დაზარალებულად ცნობილია 453 პირი, რომელთაგან 322 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 114 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა.

დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 92 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აგრძელებს მოქალაქეთა უკანონოდ შელახული ქონებრივი და სამართლებრივი უფლებების აღდგენის კუთხით მუშაობას და მიღებული შედეგების შესახებ პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს