ეკა ბესელია - ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ რადგან ამ ადამიანმა არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის - პრეზიდენტის გაბედულ სვლებს კი ძალიან ვაფასებ

ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეკრების კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, შეკრება თავისი შინაარსით ძალიან კარგი იყო და პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არსებობს ერთი კონსტიტუციური, მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს.

“გუშინ არ იყო არც მიტინგი და არც მანიფესტაცია. ეს იყო შეკრება ყოველგვარი სპეცმომზადებისა და ორგანიზების გარეშე, საკმაოდ მაღალი წნეხის და არასწორი პოლიტიკური დებატების ფონზე. იქ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, რომელთა პოზიცია ყოველთვის არის მყარი და შეუცვლელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს. ადამიანებს რაოდენობის მიხედვით არ დავითვლიდი. უფრო პროცესია მნიშვნელოვანი. მგონია, ეს შეკრება ძალიან კარგი იყო თავისი შინაარსით - თითქმის ყველა დიპლომატი იქ იდგა, პრეზიდენტის გვერდით. პრეზიდენტის ამ ნაბიჯებს, ამ გაბედულ სვლებს ძალიან ვაფასებ, რადგან როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მან აჩვენა რომ არის ერთი კონსტიტუციური მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს. ეს ხედვა ემთხვევა ხალხის ხედვას, ამის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თორემ ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი მასზე მაშინაც ვსაუბრობდი, რომ ძალიან სახიფათო მოცემულობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინაც ვამბობდი, რომ სახიფათოა. ახლა პარლამენტს კი არა, ქვეყანას ახვევს ანტიდასავლურ ცეცხლში. ეს ძალიან სახიფათო ენაა, რომლითაც მას ალაპარაკებენ. ის არ ლაპარაკობს, ალაპარაკებენ. ვინც ალაპარაკებს, უნდა ესმოდეს, რომ მასაც აზიანებს და მთლიანად პარტიასაც. პრეზიდენტს რომ თავს ესხმის, არ მიკვირს. ვხედავთ, ვინც კი წინ გადაუდგა და განსხვავებულად ისაუბრა, ყველას მიმართ როგორ იქცევიან. კობახიძის ენაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებული ვარ, არც პრეზიდენტი უპასუხებს. თუ სალომე ზურაბიშვილს იცნობ, უნდა იცოდე, რომ მასთან ასეთი ენით საუბარი უკურეაქციას იქვევს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს, ბესელია ამბობს, რომ “არ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ უგვანი, უპასუხისმგებლო და მავნე ხელისუფლება შერჩა ქვეყანას”.

“ევროკავშირმა დაინახა, რომ განახვავებულია ხალხისა და ხელისუფლების პოზიცია. ხალხის განწყობას, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და არ დავისაჯოთ იმის გამო, რომ ასეთი უგვანი, უპასუხისმგებლო და მავნე ხელისუფლება შერჩა ქვეყანას, რომელიც ისე ელაპარაკება ევროპულ ოჯახს, როგორა არ უნდა ელაპარაკებოდეს. ელემენტარული დიპლომატია უნდა გყოფნიდეს, რომ მოძებნო ფორმა, როგორ თქვა სათქმელი. ვერც ფორმა მოძებნეს და ვერც შინაარსი. ძალიან დამაზიანებელი იყო ბოლოო დღეები ამ პროცესებისთვის. მგონია, რომ რაღაც დათქმები იქნება, რაც იქნება ძალიან კონკრეტული. პირველ რიგში გვეტყვიან, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს, სასამართლო უნდა გავდეს სასამართლოს, არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ამის შემდეგ როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი, ამის შესახებ იმედი ბოლომდე არ მეწურება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო.

“85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა