მამუკა მდინარაძე - ობიექტურები უნდა ვიყოთ - შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ, რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ იქნებოდა, ამიტომ, პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა

ობიექტურები უნდა ვიყოთ: - შეიძლება მეტს ველოდით, შეიძლება ამ შემთხვევაში მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ, რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ იქნებოდა - ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

“შემიძლია მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივის აღიარება ევროკომისიის მხრიდან - ალბათ, გადაწყვეტილებაც ასეთივე იქნება. აქვე გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროა გარკვეული პერიოდით კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადება. ამას როგორც ითქვა, გარკვეული ობიექტური საფუძვლებიც გააჩნდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, “საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს დღეს ევროპელმა ლიდერებმაც თქვეს“.

“პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით პირველ ადგილზეა, ბუნებრივია ჩვენია. ნეგატიურ თემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა - ამას ვერავინ გაექცევა. ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზე. თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, აქ ბოლო ადგილზეა.

სამწუხაროდ შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას. ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემებით ის პირველ ადგილზეა. მას მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება სჭირდებოდა და ევროპამ მასთან მიმართებით სწორი ნაბიჯი გადადგა. ასევე მძიმე მდგომარეობაშია (არა პრობლემების ამდაგვარი ხარისხით) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან. 2.5 მილიონიან ქვეყანაში. იქაც პრობლემები ბევრია - მოლდოვას მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. რა თქმა უნდა, მოლდოვასაც გარკვეული წახალისება სჭირდებოდა.

მესამე ქვეყანა არის საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები, ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იყო. დათქმები ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში კანდიდატის სტატუსი მონიჭება გადაგვივადეს, თუმცა ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ, დაუბრუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო