ნიკა მელია - მძიმე დღეა საქართველოსთვის - ჩვენ აქამდე ხელისუფლების ინტენსიური, მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვედით

მძიმე დღეა საქართველოსთვის - ჩვენ აქამდე ხელისუფლების ინტენსიური მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვედით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა, თუმცა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნა.

„ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ აქამდე ხელისუფლების ინტენსიური მონდომებული საბოტაჟის შედეგად მოვედით. საბოტაჟი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. პირველი და მთავარი: როგორ ფორმაში შეხვდა ქვეყანა ამ ისტორიულ მომენტს. ძალადობრივი და პრობლემური არჩევნები, კლანი სასამართლოში,ზეწოლა მედიაში, პოლიტიკური დევნა და ტოტალური კორუფცია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით, საგანგებოდ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სპეციალურად პროცესის საბოტაჟისთვის მკაფიო პოლიტიკური დევნის აქტის განხორციელება დააჩქარა და ნიკა გვარამია დააკავა. ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოს, მედიის დევნას და ღია პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ევროპარლამენტის ძალიან კრიტიკული რეზოლუცია მოჰყვა. პროცესი ხელისუფლებამ ჩიხში განგებ შეიყვანა. მეორე გამოხატულება თუ როგორ ახდენდა „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროინტეგრაციის ტორპედირებას, არის ჩვენს დასავლელ მეგობრებზე მუდმივი თავდასხმა, მათი კრიმინალებად გამოცხადება არის. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც განვლილ 30 წელიწადში საქართველოს კარგ მცოდნედ, საქართველოს მეგობრად და საქართველოს ქომაგად ჩამოყალიბდა ლანძღა, არც მეტი და არც ნაკლები და კრიმინალებად გამოაცხადა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინისგან გამოეყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია, რომ საქართველო შესაძლოა ევროპული განვითარების მიღმა აღმოჩნდეს.

"მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფრაქციას, "ევროპის სახალხო პარტიას" კრიმინალების პარტია მრავალჯერ უწოდა. კრიმინალები იმ დასავლეთს უწოდა, რომელსაც საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის უამრავი ძალისხმევა გაუწევია. კრიმინალები უწოდა იმ ევროპას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მილიარდობით ევრო გაუღია წლების განმავლობაში, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენ ამ ყველაფერს არა კრიმინალს, არამედ მეგობრობას ვეძახით. ცალკე აღსანიშნავია აღვირახსნილი, უტიფარი, ანტიდასავლური და 100%-ით რუსული, დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდა, თანაც, დაჟინებით. ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო და ამორალურია შეკითხვის დასმაც კი, თუ რა ინტერესი აქვს დასავლეთს საქართველოში. დასავლეთი ათწლეულების მანძილზე საქართველოში მხოლოდ მშვიდობას, წესრიგს, უსაფრთხოებას და განვითარებას უწყობდა ხელს. საქართველოს მთავრობა მთელი ამ თვეების განმავლობაში თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და მის პრეზიდენტს მუდმივად თავს ესხმოდა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან ემეგობრა, ემუშავა და კავშირები გაეღრმავებინა. „ოცნებამ“ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ჩვენს მტრებად გამოაცხადა და საქართველოს უკრაინისგან დისტანცირებისთვის ყველაფერი გააკეთა. სწორედ ჩამოთვლილი ხერხებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟის შედეგია, რომ დღეს საქართველო რეალური და დიდი საფრთხის წინაშე დგას, აღმოჩნდეს ევროპული განვითარების მიღმა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოსახლეობას 20 ივნისს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან. ვიკრიბებით, როგორც იცით 20 ივნისს, 20 საათზე და უნდა დავიწყოთ პროცესი, რომელიც ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით უნდა დასრულდეს. ვიკრიბებით თაობებით, ოჯახის წევრებით, შვილებით, პირადად და ჩემი მეგობრები მცირეწლოვანი შვილებით მოვდივართ, იმიტომ, რომ იქ უნდა იყოს დიდი და პატარაც, იქ უნდა იყოს საჯარო მოხელეების დიდი ნაწილიც. აქ აღარაფერ შუაში არ არის ვინ რა საკითხებში ვთანხმდებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა