კატერინა მატერნოვა - ქვეყანას სჭირდება, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვას განცხადებით, საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან მნიშვნელოვან მესიჯს შეიცავს. აღნიშნულის შესახებ კატარინა მატერნოვამ „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ბევრი აქვს უკვე გაკეთებული იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი გააგრძელოს.

ამასთან, მატერნოვა ფიქრობს, რომ ამისთვის საქართველოს სჭირდება ის, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად.

„სიმართლე გითხრათ, ორი წლის წინ, გასული წლის ბოლოს, ამ წლის დასაწყისშიც კი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2022 წლის ივნისში კონკრეტული საუბარი გვექნებოდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე. ამ მხრივ, ეს წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობის და სარგებლის მომტანი ნაბიჯია, როგორც ამ ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. კომისიის წინადადებაში საქართველო განცალკევებულია იმ მხრივ, რომ სამივემ მიიღო ევროპული პერსპექტივა, კომისიის შეხედულებაში სამივეს აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილად არის ნათქვამი, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ეს არის, ფაქტობრივად, წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ეს იმის დაფიქსირება არის, რომ ბოლო პერიოდში იყო შეშფოთება პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციასთან, სასამართლოს მდგომარეობასთან და მასზე პერსონალური ინტერესების გავლენასთან დაკავშირებით“, - აცხადებს კატარინა მატერნოვა.

კითხვაზე, ინსტიტუციურ რეფორმებთან ერთად, კომისია ერთ-ერთ პირობად „დეოლიგარქიზაციას“ ასახელებს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა გამორიცხოს პერსონალური ინტერესების გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე, რას ფიქრობთ ამაზე? მატერნოვა ამბობს, რომ ის ამას ეთანხმება.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეშფოთება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არ არის ჩაწერილი მხოლოდ საქართველოს შესახებ. ეს „წითელი ზონის“ საფრთხეა მოლდოვისა და უკრაინის მოსაზრებებშიც. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები მთელ პოსტსაბჭოთა რეგიონს აქვს, როცა მძლავრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ინტერესების მიერ სახელმწიფოს ადრეული მიტაცება მოხდა. დიახ, ეს არის ერთ-ერთი თემა, მაგრამ ეს სამივესთვის საერთოა. ამასთან ერთად, მოცემულია ძალიან კონკრეტული, გრძელი ახსნა-განმარტებები, რომ საჭიროა რეალურად გაძლიერდეს როგორც დემოკრატიული დისკურსი, ასევე სასამართლო სისტემა. აქვე მინდა ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველომ წარსულში აჩვენა დიდი შესაძლებლობა განეხორციელებინა რეფორმები, მოეხდინა მობილიზაცია.

ამასთან, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პროევროპული, პროდასავლური შეხედულებები კარგად არის ცნობილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს „ევროპული პერსპექტივა“ მნიშვნელოვანი აღიარება არის თითოეული ქართველისთვის. ამჟამად არის ვითარება, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის მსგავსად დაწინაურებული არ არის, მაგრამ მას შეუძლია დაწევა. პირადად მე სლოვაკი ვარ. 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა ცხრა ქვეყნისთვის, სლოვაკეთი მათ შორის არ იყო შიდაპოლიტიკური პროცესების გამო. მაგრამ ჩვენ შევძელით მობილიზება. ორი წელი დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ დანარჩენებს დავეწიეთ. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უპირველეს ყოვლისა და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თუ გადაწყვიტა რეალურად მობილიზება და აჩქარება, ეს შესაძლებელია“, - აცხადებს კატარინა მატერნოვა.

მისივე შეფასებით, კომისიის მოსაზრება და საქართველოს გამოყოფა განიხილება, როგორც გარკვეულწილად წარუმატებლობა, რაც, მისივე თქმით, გასაკვირი არ არის.

როგორც მატერნოვა აღნიშნავს, ეს მობილიზებისთვის კიდევ ერთ მიზეზი უნდა გახდეს.

„მე ვიცნობ და მიყვარს საქართველო და ქართველები. ნამდვილად მჯერა მათი შესაძლებლობების, მობილიზების შესაძლებლობების და იმის, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ დაეწიონ დანარჩენ ორს, არამედ გაუსწრონ კიდეც მათ“,- განაცხადა კატარინა მატერნოვამ და დასძინა: „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამივე მათგანმა მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იმ დროისთვის, როცა ისინი მზად იქნებიან ამისთვის. მაგრამ ამავდროულად, რამდენადაც სიმბოლური არ უნდა იყოს, საქართველოს გამოყოფა უკრაინის და მოლდოვისგან მნიშვნელოვანი მესიჯის შემცველი ნაბიჯი იყო“.

„ამ მესიჯის გათავისება და მიღება შესაძლებელია. მე მჯერა ქართველების მობილიზების უნარის და იმის, რომ მათ ევროპას საკუთარი შესაძლებლობები დაანახონ. საქართველოს ბევრი აქვს უკვე გაკეთებული იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი გააგრძელოს. ვფიქრობ, ამისთვის ქვეყანას სჭირდება ის, რომ რეალურად დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში არსებობს და ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად აქციოს მთელი ერის ამბიციად“, - აცხადებს მატერნოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს