მამუკა მდინარაძე - დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ - სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღევანდელი აქცია „შინ ევროპისკენ“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ.

მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან განხორციელებულ გადმორიცხვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ“.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში. მაშინ როდესაც, ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს. სხვათა შორის, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა. ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული კითხვა: ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს, ვის აწყობს არეულობა, ქაოსი და ევროპული ინტეგრაციის შეფერხება...“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, უშუალოდ დღევანდელ აქციაზე საუბრისას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს.

„პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად არ ჩაითვლებოდა. ერთი აბსოლუტურად განსხვავებული პუნქტია, რაც სხვას არავის უწერია, არც მოლდოვას და არც უკრაინას - ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის კონკრეტული მესიჯი. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიციის გარეშე მას არაფერი გამოუვა. ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი საქართველოში, რომ ევროკომისიას თავის რეკომენდაციაში განსაკუთრებულად ხაზგასმა მოუწია, თანაც შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება ახსენეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებიდან. ისინი ცდილობენ, რომ ქართული მოსახლეობის არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ ისტორიულ პროცესში არ არსებობს. ასე რომ ალაგებ 10 წელია და ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ? დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და რაღაც მომენტში არ უნდა ილაპარაკო, ესენი კი მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა