რომან გოცირიძე - სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა პოზიტიური სიგნალი იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილისთვის მთავარია ბოღმა დაიკმაყოფილოს

სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა პოზიტიური სიგნალი იქნებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია ბოღმა დაიკმაყოფილოს, მისთვის არ არის საინტერესო ევროპა და ხალხი, მისთვის საინტერესოა, რაც შეიძლება მეტად გააწამოს მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ დგას კვლავ დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ მაშინ, როცა სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ აქვს მტკიცებულებები, რომ მას საქართველოში ვერ უმკურნალებენ.

გოცირიძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით პროგრესი არ არსებობს.

"სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ ვერ ხედავს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროებას, ის ამბობს, რომ არ იცის, შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა საქართველოში. ჩვენ ვხედავთ და მათ შორის, ექიმები ამბობენ, რომ პროგრესი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ იქნებოდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტის სიგნალი ევროპისთვის. მას ექნებოდა არამხოლოდ სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის დატვირთვა, არამედ ექნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯის დატვირთვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია ბოღმა დაიკმაყოფილოს, მისთვის არ არის ევროპა და ხალხი საინტერესო, მისთვის საინტერესოა რაც შეიძლება მეტად გააწამოს მიხეილ სააკაშვილი. რა უშლიდა ხელს, რომ პოლონეთის პარლამენტის ვიცე- სპიკერი შეეშვა, რა დაშავდებოდა, რომ პოლონეთის პარლამენტის ვიცე- სპიკერი, რომელსაც აქვს სერიოზული წონა და გავლენა თავის ქვეყანაში და ევროპაში, შეშვებული ყოფილიყო სააკაშვილთან? - არაფერი, ავადმყოფური ვნება და ახირება, რომ ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ნინო ლომჯარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.

"პენიტენციური სამსახური უნდა ეცადოს მას შესთავაზოს საქართველოში ადეკვატური მკურნალობის სერვისები და საშუალებები, თუ ეს არ იქნება შესაძლებელი და მისი მდგომარეობა დამძიმდება, მე, როგორც უფლებადამცველს, უკვე შესაძლებელია განვიხილო ალტერნატიული ვერსიები, როგორც რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ მისი მკურნალობა საქართველოში არის გამორიცხული და შეუძლებელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა