პრეზიდენტი - ყველა ჩემ კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა - მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავი  წარვადგინოთ, როგორც ღირსეული  ევროპული ქვეყანა

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

„იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც მე გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ყველა ჩემ კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო, ასევე ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს ასევე ჩვენ კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს