პაატა ზაქარეიშვილი - ევროკავშირი მომავალ არჩევნებამდე თავის პოზიციებს არ გადახედავს - იქნება ვადამდელი თუ 2024 წლის არჩევნები, ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ვიდრე არ იქნება არჩევნები, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ

ევროკავშირი მომავალ არჩევნებამდე თავის პოზიციებს არანაირად არ გადახედავს. მომავალი ეს იქნება ვადამდელი, თუ მორიგი - 2024 წელს, ეს სხვა საკითხია, ეს ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ვიდრე არ იქნება არჩევნები, მანამდე ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ პერმანენტული აქციებით არის შესაძლებელი.

„პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებს არავინ დანიშნავს, ეს არ მოხდება. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ქუჩაში გამოსვლით მოხდება. სხვა არაფრით. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვეღარ აიტანს იმას, რაც ქვეყანაში ხდება და თუ ქართველმა ხალხმა აიტანა, არაფერი ვადამდელი არჩევნები არ იქნება და 2024 წელს იქნება ყველაფერი. 2024 წლამდე, ანუ მომავალ არჩევნებამდე, ევროკავშირი თავის პოზიციებს არანაირად არ გადახედავს,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო და ახლა ერთმანეთს პრემიებს უნიშნავენ, თუ რა „მაგრად“ მოახერხეს ყველას მოტყუება.

მან ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნას ეხებოდა. ზაქარეიშვილის თქმით, ამაში რეალური არაფერია.

„ვიდრე ქართველი ხალხი პერმანენტული აქციებით არ მოითხოვს, რომ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკა შეცვალოს, ისინი ამის შეცვლას არ აპირებენ. ისინი 2024 წლამდე ასე სვლას გააგრძელებენ, რათა არჩევნებში გაიმარჯვონ. მათ არაფერი უნდათ სხვა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ახლა დარდობს, როგორ გამოძვრეს ვითარებიდან, ეს ასე არ არის, ისინი ბედნიერები არიან. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს პრემიებს უნიშნავენ, რა მაგრად მოახერხეს ყველას მოტყუება, ყველას გაბითურება, ყველას გადაგდება და შეინარჩუნეს ძალაუფლება. ყველას ყველაფერი დააბრალეს და თვითონ ანგელოზები არიან და 2024 წლამდე ძალიან მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიდიან. ვიდრე ქართველი ხალხი არას არ იტყვის, მანამდე ისინი კმაყოფილები და ბედნიერები იქნებიან. არავითარი სხვა ტექნიკური მთავრობები, რაღაც ვარიანტები... რატომ უნდა გააკეთოს ეს „ქართულმა ოცნებამ“, რაში სჭირდება, ამდენი ტყუილად იწვალა, რომ არადემოკრატიისათვის მიეღწია?!,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, დეოლიგარქიზაცია ქართველების წინააღმდეგ „შემოგდებული“ თემა არ არის და ამ საკითხზე უკრაინა და მოლდოვაც მუშაობას.

„ამაში ახალი არაფერი არ არის და ეს ქართველების წინააღმდეგ შემოგდებული თემა არ არის. ამ „ტრიოში“ ორმა ქვეყანამ უკვე გაიარა, ჩვენ დავრჩით მარტო. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ მსოფლიო გამოცდილებას, პირველ რიგში, უკრაინის გამოცდილებას ავიღებთ, მათ ამ მიმართულებით ბევრი იმუშავეს და ამას საქართველოს კანონმდებლობის საფუძვლად ვაქცევთ,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა