ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაცია აუცილებელია - პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერის პრემიერი კიდევ სადღაც გვყავს -  ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო!

პარტია "მოქალაქეების" დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დეოლიგარქიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გაუკუღმართებულად არ იმართებოდეს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო“.

„ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ , რომ 12 პუნქტი არის ჩვენი ისტორიული ამოცანა, ჩვენი ისტორიული დავალება, პოლარიზაციის შემცირება იქნება თუ სხვა. მესმის ძალიან ეხამუშება „ქართულ ოცნებას“ ამის მოსმენა, მაგრამ დეოლიგარქიზაცია აუცილებელია. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს ისე გაუკუღმართებულად, როგორც ახლა იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრი კიდევ სადღაც გვყავს, რომ არ ჩანს ისე. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და არა ვიღაც კაცი. იმ კაცის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა აწყობილი. რამდენ ოლიგარქსაც შეეხება, იმდენ ოლიგარქს უნდა შეეხოს ეს დეოლიგარქიზაცია, აქ მარტო ერთ კაცზე არ არის საუბარი. ერთი ან ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო, ამაზეა აქ საუბარი. ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან. ამიტომ, ახლა გვაქვს ამოცანა და დღის წესრიგი ოპოზიციასაც, რომ რაღაც ღობე-ყორეს კი არ მივედოთ, კონკრეტული რაღაცის შესრულება მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი გაქვთ, ზუსტად ეს უნდა შეასრულოთ, რომ ერთი ხელის გაწვდენა შესაძლებლობა და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

არავინ ცას არ გამოვეკერებით, არავინ სამარადჟამოდ არ დავბადებულვართ. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ჩვენი შვილების მომავლის წინაშე შევრცხვეთ. ადრე თუ გვიან ამ ქვეყნიდან წავალთ, სახელიღა დარჩება და ის, რაც გაგვიკეთებია. ჰოდა, ეს უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო პოლიტიკურადაც გახდეს ევროპის ნაწილი. რატომ? იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყანა გამდიდრდეს. ევროკავშირის წევრობა არის სიმდიდრე. გვეყო ეს გაჭირვება და სიღატაკე. ის უძლურება, რაშიც ვცხოვრობთ. აი, ამისკენ უნდა წავიდეთ. ფეხის ათრევით გააკეთებთ ამას თუ სწრაფად, უნდა გააკეთოთ. ოპოზიციის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ყველა პუნქტი შეასრულოს. თუ იძულება არ დაგჭირდებათ, მაგას რა აჯობებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო