„ქართული ოცნების“ აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ, რომ გუშინ აქციაზე ადამიანები არ მოსულიყვნენ, მაგრამ იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ვინმე ელოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის შეფასებით, გუშინდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
"ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი თავად წარმოადგინა და ევროპას აჩვენა, რომ ეს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციას იმსახურებს. ის, რომ ქვეყანას "ქართული ოცნება" მართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ისინი არიან ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტები. ხელისუფლება თავს იწყნარებს, რომ თურმე აქციაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იდგა, მათ შორის "ქართული ოცნების". აქციაზე გაბრაზებული ადამიანები იდგნენ, ვისაც კარგად აქვს გათავისებული, თუ რას ნიშნავს ის, რომ ხელისუფლება ხელს უშლის იმ პროცესს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, მწამდეს, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შემსრულებელია, მაგრამ მისი ქმედებები იმედს არ მაძლევს, რომ ხელისუფლება რაიმეს შეცვლის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.