თეონა აქუბარდია პრემიერის განცხადებაზე - ასეთი ტიპის განცხადებები არის ღია რუსული პროპაგანდა და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

ასეთი ტიპის განცხადებები არის ღია რუსული პროპაგანდა და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, - ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, საქართველომ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადაწყვიტოს და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი.

თეონა აქუბარდია დაინტერესდა, თუ რა გზავნილს აგზავნის ამ განცხადებით პრემიერი, "ეს არის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური კურსი, კონსტიტუციიდან გადახვევა თუ რასთან გვაქვს საქმე?!"

„მაინტერესებს, რა გზავნილს უგზავნის პრემიერი და მთავრობა მათ შორის იმ ოჯახებს, რომლებმაც ავღანეთში ნატო-ს ეგიდით სამშვიდობო მისიებში თავიანთი ოჯახის წევრი დაკარგეს, 32 მოქალაქეზე არის საუბარი. მაინტერესებს რა გზავნილს უგზავნის პრემიერი აგვისტოს ომის მონაწილეებს. ყველას კარგად გახსოვთ, რომ აგვისტოს ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან დასახელებული იყო ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინსვლა“,-განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, შეუსრულებელი რეფორმების ბრალია, რომელზეც პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„მაინტერესებს, რა გზავნილით მიდის პრემიერი ნატოს სამიტზე და საერთოდ, მიდის თუ არა. რამდენად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა გაძლიერდეს ნატოს წევრების მხრიდან და რა ინდიკაცია არსებობს საერთოდ იმისა, რომ ჩვენ ობიექტურად და რეალურად გვსურს ნატოს წევრობა ამ ყველაფრის შემდეგ. მაშინ, როდესაც აცხადებთ, რომ კანდიდატის სტატუსი თითქოს არაფერია და ჩვენ MAP-ზე უკეთესი მივიღეთ, ეს არის ღია ტყუილი და თქვენ ხალხს ატყუებთ. როდესაც დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, აუცილებელია, როგორც დეპოლარიზაცია, ასევე 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც თქვენ დახიეთ და გადააგდეთ. რის შედეგებიც საქართველომ დღეს იწვნია, ეს არ იყო გეოგრაფიის ბრალი, როგორც ამას თქვენი ნაწილი აცხადებს, ეს იყო შეუსრულებელი რეფორმების ბრალი, რომლის პასუხისმგებლობა თითოეულ თქვენგანს გეკისრებათ“,-მიმართა აქუბარდიამ უმრავლესობას.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე.

„ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება“,-აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო