პაატა დავითაიამ სტრასბურგში ვენეციის კომისიის მდივანს ოპოზიციური პარტიების საერთო მიმართვა გადასცა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია სპეციალური მიწვევით სტრასბურგში ევროპის საბჭოში და ვენეციის კომისიაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაატა დავითაიამ ვენეციის კომისიის მდივანს, სიმონა გრანატა-მენგჰინს შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების საერთო მიმართვა გადასცა, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს და საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება.

„მოგმართავთ საქართველოს ოპოზიციური პარტიების სახელით. საქართველოს კონსტიტუციასთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების თაობაზე.

როგორც თქვენთვის ცნობილია დამოუკიდებელ საქართველოში, კონსტიტუციასთან და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა. პრინციპში სწორედ ამ მიზეზებმა გამოიწვია თავის დროზე 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და 2012 წლის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება დეკლარირებულად მომხრე იყო როგორც კონსტიტუციის, ისე საარჩევნო კოდექსის რეფორმისა, რეალურ ცხოვრებაში სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის თითქმის არაფერი გააკეთა. 2019 წელს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმებული კონსტიტუციური რეფორმის პროექტი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ჩააგდო, ხოლო 2021 წელს ხელისუფლებამ ევროკომისიის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით დადებული შეთანხმების შესრულებაზე ცალმხრივად უარი განაცხადა, რომელიც აგრეთვე კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმას ითვალისწინებდა. შესაბამისად, დღემდე გადაუწყვეტელი რჩება შემდეგი საკითხები:

1.5 - პროცენტიანი ბარიერის მაქსიმუმ 2 პროცენტამდე შემცირება. ზ/ა რეფორმის გარეშე შეუძლებელი იქნება მრავალპარტიული პარლამენტის არჩევა, რადგანაც როგორც მაგალითად, უკანასკნელმა 2020 წლის არჩევნებმა დაადასტურა, არცერთ პოლიტიკურ ძალას ჰიპოთეტური შანსიც არ აქვს გადალახოს 5 - პროცენტიანი ბარიერი, გარდა მმართველი პარტიისა („ქართული ოცნება“) და ყოფილი მმართველი პარტიისა („ნაციონალური მოძრაობა“).

სწორედ ამ მიზეზის გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პროაქტიული და საკმარისად მკაფიო კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით, რასაც, თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ საბაბად იყენებს, რომ პარლამენტში ზემოაღნიშნული საკითხის კენჭისყრა გაჭიანურდეს.

2.ბოლო ე.წ. კონსტიტუციური რეფორმის თანახმად, რომელიც ერთი პარტიის ეგიდით იქნა გატარებული, საქართველოში პირველად საარჩევნო ბლოკები აიკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ბლოკების შექმნის დიდი ტრადიცია არსებობს და თავად „ქართული ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნებში სწორედ, როგორც საარჩევნო ბლოკმა გაიმარჯვა. საარჩევნო ბლოკები არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ ძალზე ფრაგმენტირებული ქართული პოლიტიკური სპექტრის ეტაპობრივად კონსოლიდაცია მოხდეს. საარჩევნო ბლოკების გარეშე პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე უარი თქვან და კენჭი, ან „ქართული ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით იყარონ, რაც ელექტორატის ნახევარზე მეტს ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, სწორედ ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის ძალისხმევით კონსტიტუციაში გათვალისწინებული იქნა ერთჯერადი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნენ საარჩევნო ბლოკები.

3.პარიტეტის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციაში;

4.საარჩევნო ფონდების ხარჯვის ზედა ზღვრის დაწესება და პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბება;

5.ემიგრანტებისათვის ხმის უფლების რეალიზაცია და შესაბამისი ელექტრონული სისტემის დანერგვა;

6.საარჩევნო დავების გადაწყვეტის დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბება;

7.ამომრჩევლებზე ზეწოლის, მათი მოსყიდვის, ასევე ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო კამპანიაში გამოყენების პრევენციის პროცედურების განვითარება;

ვთხოვთ, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს, რათა დროულად იქნეს ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პროცესი ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე“,- აღნიშნულია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მისამართით დაწერილ წერილში, რომელსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

წერილს ხელს აწერენ:

„ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია

„ერთიანი საქართველო“ - ნინო ბურჯანაძე

„თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე

„სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე

„სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია

„ტრიბუნა“ - დავით ჭიჭინაძე

„ქრისტიან-დემოკრატები“ - გოჩა ჯოჯუა

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ - ზურაბ ხარატიშვილი

„თავისუფლება“ - ირაკლი ჯამბურია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა