ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „პრორუსული  მთავრობა“, „პუტინისტური რეჟიმი“ - როგორც კი ამას გააკეთებენ, ამით პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად „პრორუსული მთავრობა“ ან „პუტინისტური რეჟიმი“ და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ, მაშინვე ამით ისინი პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ, თუ ამის მზაობა აქვთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას იმ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.

როგორც კობახიძემ განმარტა, კარგი იქნება თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯს გადადგამს.

„ჯერჯერობით ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, მათი ყველა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული. ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება, რა თქმა უნდა, დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს.

დეპოლარიზაცია, პირველ რიგში, გულისხმობს დამოკიდებულებას პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და მათ ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ უნდა გადადგან სწორედ რიტორიკის ცვლილებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სჭირდება აღიარება მათი მხრიდან. ჩვენ ეს არაფერში გვჭირდება, მაგრამ დეპოლარიზაციას სჭირდება ის, რომ ოპოზიციამ აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ასეთ დროს ისინი, რას აკეთებენ? პირიქით, საუბრობენ რაღაც პრორუსულ მთავრობაზე, პუტინისტური რეჟიმი, დემოკრატიული უკუსვლა - სრული „ფეიკი“. ეს სრული სიცრუეა და ასეთი სიცრუით ისინი, ბუნებრივია, დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მათი დამოკიდებულება და ამის შემდეგ შეიძლება განხილული იყოს ნებისმიერი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პასუხისმგებელი პირების მიერ პოსტის დატოვებას, კობახიძის თქმით, ამაზე ახლა საუბარი არაადეკვატურია.

„ისინი ზეიმობდნენ წაგებულს ომს და ახლა, გლოვობენ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. გახსოვთ, წაგებული ომის შემდეგაც კი არ გადადგა ხელისუფლება და ახლა, ვიღაცის გადადგომაზე საუბარი აბსოლუტურად არაადეკვატურია და ბუნებრივია, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს“, - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმის დასრულებაზე კითხვას, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია და მერე უნდა იყოს განხილული ისეთი კანონპროექტი, რომელიც პოლარიზაციის ხარისხთან პირდაპირაა დაკავშირებული.

„ჯერ გადადგან ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ შესაბამისი საკითხები. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო ცვლილებას კონსტიტუციაში, მას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირის კანდიდატობასთან. კავშირი კანდიდატობასთან დეპოლარიზაციას აქვს. კეთილი ინებონ, ჯერ გადადგან ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა