ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, განხილვის თემას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა წარმოადგენდა.

„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა, რაზედაც ექვსი თვის წინ ვერც კი ვიოცნებებდით", - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მხრივ, საქართველო იმედგაცრუებულია, რადგან მოხდა ასოცირებული ტრიოს დიფერენცირება და უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი პირობებით, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება და შემდეგ სტატუსი.

„გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ სამივე ქვეყნისთვის პირობების უდიდესი ნაწილი არის იდენტური და ამიტომ ამ დიფერენციაციას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ერთ-ერთი ახსნა, რომელიც მოვისმინეთ იყო საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან, რომ საქართველო გეოსტრატეგიულად სხვა ადგილას იმყოფება, თუმცა იმედია, რომ ეს ახსნა არაა მართებული, რადგან ამ შემთხვევაში, საქართველოს წევრობის პერსპექტივაც კი არ უნდა მიეღო. ჩვენ გვსურს, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიას ჰქონდა წამოყენებული. თუმცა, ამ პირობებში არის როგორც კონკრეტული, ასევე ცოტა ბუნდოვანი პირობებიც. ბუნდოვან პირობებზე, რომლის გაზომვაც შეუძლებელია, გვჭირდება უფრო მეტი დეტალიზაცია და სიცხადის შეტანა, რომ ექვსი თვის თავზე გადაწყვეტილება გადაისინჯოს და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა