ეკა ბესელია კობახიძეზე - ყველგან საუბარია სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემაზე და რას ნიშნავს „ქეისები“ არ არსებობს? - ვერ ხედავს იმიტომ, რომ თვითონ გახდა მიხეილ ჩინჩალაძის მსახური

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნით ხელისუფლებამ აჩვენა ის, რომ საქართველო არ არის მზად შეასრულოს ის 12 პუნქტი, რითაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოიპოვოს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

„გუშინდელმა დღემ პასუხი გასცა კითხვას, არის თუ არა საქართველო და „ქართული ოცნება“ მზად უპასუხოს იმ 12 პუნქტს და დარჩენილ 6 თვეში აჩვენოს მზაობა იმისა, რომ საქართველო ნამდვილად მიდის ევროპულ გზაზე. აჩვენა ძალიან ღია პასუხი, რომ საქართველო ამისთვის მზად არ არის, მათ ეს არ სურთ. მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც კოლექტიურ უსამართლობას განასახიერებს და მათ შორის, კოლექტიურად განასახიერებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სისტემური დანაშაულების სიმბოლოს, ასეთი ადამიანის ასეთ დროს კიდევ ერთხელ დაწინაურება პირდაპირი გზავნილია, რომელსაც ასე ურცხვად ამართლებს ირაკლი კობახიძე. სხვათა შორის, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად, ვინც რეფორმას წინააღმდეგობა გაუწია, მისი უშუალო პასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტი გადაიქცა ზუსტად ამ „კლანის“ მთავარ ოფისად და მთავარ დასაყრდენად. მათ შორის, მისი პირადი პასუხისმგებლობაც არის, რომ სასამართლო რეფორმა დღეს გაჩერდა", - აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელიამ ისაუბრა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ერთი „ქეისი“ ვერ მოაქვთ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სასამართლოშია პრობლემა“.

„რაღაც საოცარ ბოდვაში გადავიდა, ეს საუბარი გასცდა პოლიტიკურ ლექსიკონს, როგორ შეიძლება კომენტარი გააკეთო? - ევროპარლამენტის მხრიდან, სახელმწიფო ანგარიშებში და ყველგან საუბარია სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემაზე და რას ნიშნავს „ქეისები“ არ არსებობს? როდესაც ყველა ლაპარაკობს პოლიტიკურ საქმეებზე და პოლიტიკური განაჩენები დევს მაგიდაზე, როდესაც საუბარია „კლანურ“, ისეთი ტიპის მმართველობაზე, რომ ცოლი, ქმარი, მაზლი, სიდედრი, სიძე და ა.შ. ამ ნიშნით ინიშნებიან ადამიანები და ერთ კორპორაციულ ჩაკეტილ სივრცეს დაამსგავსეს სასამართლო, როგორ შეიძლება ილაპარაკო, რომ პრობლემას ვერ ვხედავო? ვერ ხედავს იმიტომ, რომ თვითონ გახდა მიხეილ ჩინჩალაძის მსახური. მახსენდება ფაქტი და ამას ღიად ვამბობ. როდესაც მე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე, მთხოვა, მასთან მივსულიყავი. შევდივარ ოთახში და ვხედავ, მასთან კაბინეტში ზის მიხეილ ჩინჩალაძე. იცით, როგორ უყურებდა? უყურებდა, როგორც მის პატრონს, როგორც მორჩილი პატარა ბიჭი. ამ სურათის დანახვაზე ადამიანურად შევწუხდი - ვნახე პარლამენტის ასეთი დაკნინებული თავმჯდომარე. ჩინჩალაძემ რაღაცები მოუტანა და პირდაპირ ჩაუწერა კონსტიტუციის ფორმულირებაში. როცა ჩინჩალაძე წავიდა, ვუთხარი კიდეც, რომ შენ ხარ პარლამენტის თავმჯდომარე და მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვს დიდი ასაკი და შეიძლება გამოცდილება, უნდა იცოდე რაღაცებზე უარის თქმა, როდესაც ეს ეხება პრინციპულ საკითხებს-მეთქი“, - აცხადებს ეკა ბესელია და აღნიშნავს, რომ ამ საკითხებზე კობახიძესთან უსაუბრია, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან კობახიძემ გადაწყვიტა, რომ „ამ ადამიანების ვასალი“ გამხდარიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო