გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ არაფერი უნდა შეასრულოს ისეთი, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება - ეუბნებიან - ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ჩვენგან არაფერი კარგი არ გამოვა

ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ არაფერი უნდა შეასრულოს ისეთი, რაც გაწევრიანებას სჭირდება, მაგრამ მეორე მხარემ [ევროკავშირმა] ეს უნდა გააკეთოს; ეუბნებიან - ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ჩვენგან არაფერი კარგი არ გამოვა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას 14-15 წელი სჭირდება და „საჩქარო არაფერია“.

ხუხაშვილის თქმით, კობახიძე ცდილობს, მოძებნოს არგუმენტები, რათა „ქართულმა ოცნებამ“ აირიდოს პასუხისმგებლობა იმ დრამატულ ვითარებაზე, რაც ჩამოყალიბდა ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„შეიძლება ვისაუბროთ დროზე, მაგრამ თუ ნაბიჯი არ გადავდგით იმ მიმართულებით, საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ დღეს თუ არა ხვალ იქნება. ეს [კობახიძის განცხადება] არის მხოლოდ რიტორიკა და აღშფოთებული საზოგადოებისგან თავის დაცვის მცდელობა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ნება. კი, აქვთ, თუ უფასოდ მიიღებენ - ანუ იმ სასამართლოთი; იმ ძალოვანი სისტემით; იმ არაჯანსაღი ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობებით, რაც ეკონომიკაში გვაქვს; იმ დამოკიდებულებით, რასაც უკრაინასთან და საერთოდ, ამ გლობალურ ომთან დაკავშირებით ავლენენ (ორ სკამზე ცდილობენ ისხდნენ, რომ არც რუსეთი გააბრაზონ და თან იქით იყვნენ). ასეთ პირობებში თუ მიგვიღებენ, რატომაც არა, რადგან მათ ევროპა სჭირდებათ - შვილები იქ სწავლობენ, ანგარიშები იქ აქვთ, მაგრამ ამისთვის არაფრის გაკეთება და ერთი გრამი ძალაუფლების დათმობა არ უნდათ არა ოპოზიციის სასარგებლოდ, არამედ ინსტიტუციური წესრიგის თვალსაზრისით. შესაბამისად, არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ კობახიძის სიტყვებს სერიოზულად ვუსმინოთ, არ გვაქვს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მომავალ 6 თვეში ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლებისგან ნაბიჯებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

„მათ არც ევროპა აინტერესებთ და არაფერი. მათ ერთადერთი ფასეულობა აქვთ - ეს არის ძალაუფლება. თუ ევროკავშირი მიიღებს ისე, რომ მათ ძალაუფლებას არაფერი დაემუქრება, დაიძახებენ - გაუმარჯოს ნატო-ს და ევროკავშირს, მაგრამ თუ მათ ძალაუფლებას რაიმე ტიპის საფრთხე შეექმნა, მზად არიან დაიძახონ - გაუმარჯოს წითელ არმიას, ამის პრობლემაც არ აქვთ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომ მზად არიან, დეპოლარიზების მიმართულებით ოპოზიციასთან ითანამშრომლონ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს თვალში ნაცრის შეყრაა და ისინი არავისთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„დიდი ბოდიში, მაგრამ, რომელ ოპოზიციასთან ითანამშრომლებენ? პოლიტიკას უყურებენ ასე - ვინც ჩვენთან არაა, ყველა ჩვენი მტერია. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულია და ვინმეს დაელაპარაკებიან, ეს აბსტრაქციაა. ყველა ძალაზე, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაა, მაგრამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ შეკრულიო. თუ არსებობს საქართველოში პარტია, ვისზეც „ქართულ ოცნებას“ ეს არ უთქვამს? შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ისინი ვიღაცასთან ითანამშრომლებენ, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი. რეალურად ისინი არავისთან თანამშრომლობას აპირებენ. ისეთ პარტიებზეც კი, რომლებიც ძალიან მწვავედ არიან დაპირისპირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგალითად. გიორგი გახარიას პარტია, იძახიან, რომ „ნაცებთან“ არიან შეკრულები. მათი პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაზიდან გამომდინარე, არავისთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი იზოლირებულები არიან. პრეტენზია აქვთ აბსოლუტურ ძალაუფლებაზე, არ არიან მზად, რომ ინსტიტუციური წესრიგი პოლიტიკური ბალანსის გაჩენის თვალსაზრისით ქვეყანაში შემოიტანონ. დღეს ასე დაჭირდა და ასე თქვა, ხვალ რომ დასჭირდება ყველა პარტიას მოღალატეს დაუძახებს - ასე მოქმედებს „ქართული ოცნება“, მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტია მისი მამოძრავებელი ძალა. ლოგიკურად მწყობრ პოლიტიკას არ ახორციელებენ - დილით ერთს იტყვიან - საღამოს- მეორეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაბამისად, „განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“.

„გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო