შოთა თუთბერიძე - ხელისუფლებამ ქვების სროლის პერიოდი გაიარა, ახლა ქვების შეგროვების დროა - „ქართული ოცნება“ მიიღებს არასასურველ დარტყმას, რადგან პატარა ადამიანებმა ვერ აჯობეს პირად ბოღმას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა არის ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც საქართველოს წინ ეღობება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე.

ადვოკატის განცხადებით, ევროპელი მეგობრები მოქმედებენ ერთადერთი განზრახვით - ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე ათეული წევრის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც გამოქვეყნდა, ერთი მხრივ ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომელიც ქართულ დემოკრატიას აქვს შიდა დონეზე და ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო მეორე მხრივ, ნათელი ინდიკატორია იმისა, რომ ამ პრობლემების არაღმოფხვრის შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრი ვერ გახდება.

ევროპარლამენტარები, მათ შორის ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დეკლარაციაში ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა არის ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც საქართველოს წინ ეღობება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები მოქმედებენ ერთადერთი განზრახვით - ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. სწორედ, ამიტომ წუხან ისინი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და „ქართული ოცნების“ სპიკერების მხრიდან ლანძღვა-გინება ამას ვერ შეცვლის. ისინი არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წლის ომის დროს. 2008 წლის ომის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკას სჭირდებოდა აღდგენა, ისინი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევისთვის იბრძოდნენ.

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საქმეში და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს დღემდე გააფთრებული იცავენ ყველა საპირისპირო აზრის მიუხედავად, ამიტომ ამ დეკლარაციის გათვალისწინება საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რომელსაც ცხადია, არ ველოდები, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯები არ ახასიათებს“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მსგავს პოზიციას ყველა საერთაშორისო რანგის პოლიტიკოსისგან ელოდებოდნენ.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, რომ საქართველოს სახელმწიფოს, სამწუხაროდ, მოუწევდა დიდი ფასის გადახდა, რომელიც თავისი შეცდომებით დაგვაკისრა საქართველოს ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ ქვების სროლის პერიოდი გაიარა, ახლა ქვების შეგროვების დროა. ქართული სახელმწიფო მიიღებს არასასურველ დარტყმას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავარმა ოლიგარქმა და საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ძალიან პატარა ადამიანებმა ვერ აჯობეს პირად ბოღმას”, - განაცხადა თუთბერიძემ.

ინფორმაციისთვის, დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მათი განცხადებით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო