გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ სჩვევია ცრუ საქმე - ჯობია, საქმეს მიხედონ, რატომ არ ნიშნავენ რიგგარეშე სესიას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დანიშნონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ.

ვაშაძე გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გეგმას და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან „ტყუილების მასტერკლასია“, რაზეც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ დასავლეთშიც საუბრობენ.

„ქართულ ოცნებას“ სჩვევია ცრუ საქმე. ვინ უშლით ხელს, მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, ორშაბათსვე ვუყაროთ კენჭი მეორე და მესამე მოსმენით, რადგან პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. ვინ უშლის ამაში ხელს? - არავინ. უბრალოდ, მათ არაფრის გაკეთება არ უნდათ, ისევე, როგორც არაფრის გაკეთება არ უნდოდათ, შარლ მიშელის დოკუმენტს რომ მოაწერეს ხელი. ბევრი ნათქვამი გვინახავს, მაგრამ სამწუხაროდ, მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ, აშშ, ევროპა, მთელი დასავლეთი ამბობს, რომ ტყუილების კასკადის მასტერკლასია ყოველთვის „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ ნდობა ნულოვანია.

ამდენ ცრუ ლაპარაკს, ხომ ჯობია, რომ საქმეს მიხედონ, რატომ არ ნიშნავენ რიგგარეშე სესიას, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული?“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნებაში“ „ტყუილებს მიჩვეული არიან“ და „ფარდა ჩამოეხსნათ“.

„ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა მთელმა დასავლეთმა. აბა, რა დიაგნოზი დაუსვა? - ოლიგარქია“, - აღნიშნა მან.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და განაცხადა: „თუ ბიძინა ივანიშვილი დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლად მივიჩნევ, რომ ოპოზიცია, პროტესტის მონაწილეები და "ქართული ოცნება" მოსალაპარაკებლად დავსხდეთ“.

ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ მათი გეგმა გამარჯვებაზე, ხალხის ნება-სურვილზეა ორიენტირებული და მრავალკომპონენტიანია, თუმცა ვაშაძეს გეგმის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვაშაძის თქმით, ხვალ ან ზეგ, ოპოზიციური ძალები საკუთარ ხედვას საზოგადოებას წარუდგენენ.

,,დღეს აქციაზე იქნება კონკრეტული გეგმა, რასაც აქციის მონაწილეები წარადგენენ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ, ოპოზიციური პარტიები ჩვენებურ ხედვას წარვადგენთ ამ ყველაფერზე. თუმცა, ცალსახად ვუერთდებით ეროვნული თანხმობის შექმნის ინიციატივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, როდესაც საუბარია მრავალკომპონენტიან გეგმაზე, აღნიშნული ითვალისწინებს, როგორც სამოქალაქო პროტესტს, ასევე საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

"მაგრამ მთავარია დეოლიგარქიზაცია, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ქვეყანაში",- დასძენს ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა