გვეუბნებიან, რომ გააკეთებენ რაღაც კომიტეტს და 29 ნოემბერს რაღაც მოსმენას ჩანიშნავენ და ამით გვეშველება, თქვენი მოსატყუებელი კბილი ჩვენ უკვე ამოვიღეთ, - ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას” ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე „შინ ევროპისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიღმელაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომელთაც უკვე მრავალი დაპირება არ შეასრულეს, ევროკავშირის მოთხოვნებსაც არ შეასრულებენ, ამიტომ ეს საქმე დროებითმა ეროვნულმა მთავრობამ უნდა ითავოს.
„ვითომ რაღაც სატყუარა გადმოგვიგდეს, რაღაც კომიტეტები შევქმნათო კობახიძემ თქვა, რა კომიტეტები უნდა შექმნას იმ კაცმა, ნახევარი იმ 12 პუნქტიდან აწერია იმ იურიდიულ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეც არის ანრი ოხანაშვილი. ადამიანმა, რომელმაც ორი დღის წინ მედიის წარმომადგენელი ამერიკის საელჩოში სცემა, უნდა გაგვიკეთოს დეპოლარიზაცია, მაგან უნდა შეგვისრულოს ეს. ბევრი კომიტეტები გვინახავს, საპარლამენტო კომიტეტები, რომელსაც ძალიან მძიმე საქმეების გამოძიება ევალებოდა, გამოიძიეს კიდეც, მაგრამ მოყვა რამე სამართლებრივი მცდელობა? არ მოჰყოლია. გვინახავს ბევრი დაპირება, პროპორციული არჩევნების, სამი წლის წინ, რომელსაც თქვენ და საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდნენ, მაგრამ გადაგვაგდეს.
ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა გვეუბნებიან, რომ გააკეთებენ რაღაც კომიტეტს და 29 ნოემბერს რაღაც მოსმენას ჩანიშნავენ და ამით გვეშველება, თქვენი მოსატყუებელი კბილი ჩვენ უკვე ამოვიღეთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდება სრული კონსენსუსის პრინციპით, სადაც სრული კონსენსუსი გულისხმობს თანხმობას და ეს ავტომატურად აგვარებს 2 პუნქტს 12-დან, დეპოლარიზაციას და დეოლიგარქიზაციას. ეს მთავრობა ატარებს 5 თვეში ყველა რეფორმას, რაც საჭიროა რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
შოთა დიღმელაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდნენ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.
„დღეს არასამთავრობოები გამოვიდნენ ბრიფინგით და წარადგინეს ამ 12 პუნქტის შესრულების სამოქმედო გეგმა, არავითარი კომიტეტები ამას არ ჭირდება, უბრალოდ ჭირდება კანონად დაწერა და ხმის მიცემა, მოვუწოდებ ოპოზიციას, მხოლოდ ამ სამოქმედო გეგმისთვის აღირსონ საკუთარი ყურადღება ამ პარლამენტს, ხოლო მოვუწოდებ მთავრობას, გადადგეს”, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა
მისივე თქმით, სახალხო მოძრაობა იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება შეასრულონ მოთხოვნები, გამოიყენებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის „ყველა იარაღს”.
„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში არის ძალიან ბევრი იარაღი და ჩვენ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში და გამოიყენეს ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი არაძალადობით, ჩვენ ამას ვიზამთ, თუ იქნებით ჯიუტები”, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.