ზაფხულშივე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მთელი ოჯახითა და სამეგობრო წრით, ვიდგები ყველა მიტინგზე იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
კახა ოქრიაშვილის თქმით, საზოგადოებრივი განწყობის ამსახველი ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სწრაფი ტემპით კარგავს ხალხის მხარდაჭერას, თბილისში კი - მხარდაჭერა განახევრებულია. როგორც ის საკუთარ მიმართვაში აღნიშნავს, სოციოლოგიურ მეცნიერებაზე დაყრდნობით, მომავალ ორ-სამ თვეში, „ივანიშვილის ოცნება“ სრულად დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას და მისი რეიტინგი 15-20 %-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.
„ამ რეიტინგის მიზეზია სრული დისონანსი: მოსახლეობის 90% მყარად ირჩევს ევროკავშირს, ივანიშვილის „ოცნება“ კი ამ სურვილის წინააღმდეგია და არ აკეთებს ამას. შედეგად, სოციოლოგიურ მეცნიერებაზე დაყრდნობით, მომავალ ორ-სამ თვეში, ივანიშვილის „ოცნება“ სრულად დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას და მისი რეიტინგი ჩამოყალიბდება 15-20 %-ის ფარგლებში, ისიც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხის ხარჯზე.
3 ივლისს მიტინგზე ბევრი ადამიანი მეკითხებოდა - რა გეგმა გაქვთ, რას შვრებით ამის მერე? ამ მოცემულობაში არსებობს ორი გზა: 1. მიტინგების რადიკალიზაცია, მაგალითად, სამთავრობო შენობებში, პარლამენტში, კანცელარიაში შეჭრა, რაც ჩემთვის და საღად მოაზროვნე ყველა ქართველისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. 2. მეორე გზა, რომლის მომხრე მეც ვარ, არის პერმანენტული, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ დიდი შეკრებები, როგორც ეს იყო 20 და 24 ივნისს, 3 ივლისს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, აგვისტოში - ბათუმში. ასევე, უცვლელი მოთხოვნა - არა დეკემბერში, არამედ უსწრაფესად, ზაფხულშივე შესრულდეს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო 12-ვე პუნქტი, რადგან „ოცნების“ მიერ დაანონსებული კომისიების შექმნით, რეფორმების პროცესის გაჭიანურება სურთ. წელს პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას შვებულების ფუფუნება არ გვაქვს! ზაფხულშივე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მთელი ოჯახითა და სამეგობრო წრით, ვიდგები ყველა მიტინგზე იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის“, - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.