საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.
პარლამენტში სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საკუთარი ხედვა უკვე წარმოადგინეს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მოსაზრებებისა და ხედვების შეჯერების მიზანს ემსახურება.
ნაცვლიშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ 12-პუნქტში გაწერილი საკითხები საქართველოსთვის ახალი არ არის - “აღნიშნული თემები “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ათივე წელს მუდმივად დღის წესრიგში იდგა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ" წლები გაფლანგა და რეფორმები არ განახორციელა“.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, “არც ახლა ჩანს მზაობა, რომ ის, რასაც ათი წელი არ აკეთებდნენ, ახლა გააკეთებენ“.
“ამ 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმიან ფორმატში შინაარსობრივი სამუშაო პროცესი წარიმართოს. საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი სიტყვა უკვე თქვეს - თქვეს ძალიან გასაგებად, ძალიან ხალხმრავლად და პრინციპულად, რომ მათი მოთხოვნა და დაკვეთა 12-პუნქტის შესრულებაა.
ფაქტებსა და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ არანაირი რწმენა იმისა, რომ ხელისუფლების მიზანი ამ 12-პუნქტის შესრულებაა, არა გვაქვს. ჩვენს მოწოდებაზე, არ დაესრულებინა პარლამენტს მუშაობა და არ წასულიყო საზაფხულო არდადეგებზე, რათა საკითხების ირგვლივ გვემუშავა, ხელისუფლებას არანაირი მზაობა არ ჰქონდა. ხელისუფლებას არავითარი მზაობა არ ჰქონდა, რათა ეროვნული თანხმობა შემდგარიყო სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით, ვისაც ქართველი ხალხის დავალების შესრულებას მივანდობდით.
კომისიების შექმნა ვითარებას ვერ შეცვლის. ვითარებას შეცლის რეალური მოქმედებები. ჩვენ ამ მოქმედებებისთვის მზად ვართ. მზად ვართ იმისთვის, რომ 12-პუნქტთან დაკავშირებით იყოს შინაარსიანი, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული პროცესი. ხალხი თავად დაინახავს, რა არის ბუტაფორიული პროცესი და რა - რეალური პროცესი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრას პარლამენტში არასამთავრობო სექტორიდან ესწრებიან: გურამ იმნაძე, გვანცა წულუკიძე, გიორგი დავითური, გიორგი ონიანი, ხათუნა ჯინჯიხაძე, ნინო დოლიძე, ნათია კაპანაძე, ლაშა ტუღუში, ეკატერინე ციმაკურიძე, თამარ ხიდაშელი, ნანა ყრუაშვილი, ზვიად ქორიძე, გიორგი კლდიაშვილი და მამუკა ანდღულაძე.