ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმის ყოფილი მერი, მსჯავრდადებული გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერმაკოვის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მეორე ინსტანციის სასამართლომ ერმაკოვის ბრალეულობა გაფლანგვის ნაწილში ვერ დაინახა, თუმცა, ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც ერმაკოვს უკვე მოხდილი ჰქონდა.

ბათუმის ყოფილმა მერმა რუსთავის მე-15 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე საათის წინ დატოვა.

„ერმაკოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით გაფლანგვის მუხლით 7 წელი ჰქონდა მისჯილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, სასამართლო განხილვები 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერმაკოვი გაფლანგვის ბრალდებაში გაამართლა, მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გადაუკვალიფიცირა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი ერმაკოვს 3 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, ვინაიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სასჯელი 3 წლიდან იწყება, მოსამართლემ ერმაკოვს 3 წელი მიუსაჯა, რაც მას უკვე მოხდილი ჰქონდა. შესაბამისად, ერმაკოვი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა“, - განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, ერმაკოვი სრულიად უდანაშაულოა და სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში „იაფი სახლის" პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, რასთან დაკავშირებითაც მაშინ გამოძიება დაიწყო.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს