ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი - როცა საქართველოსა და უკრაინას ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ, რუხ ზონაში დატოვებამ კი რუსეთის სამი თავდასხმა გამოიწვია

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იან ბჟეზინსკი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ნატო-მ საქართველოს და უკრაინას წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით უნდა გასცეს.

კითხვაზე, რას ნიშნავს შვედეთის და ფინეთის ნატო-ში ასეთი სწრაფი ტემპით გაერთიანება საქართველოსა და უკრაინისთვის, იან ბჟეზინსკი აცხადებს, რომ ეს უარყოფითი სიგნალი იყო.

„საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატო-ს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ. ეს ძალიან დრამატული იყო და კარგად აჩვენებდა სიმამაცეს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დასავლეთთან ერთად ბრძოლაში. მე, ისევე როგორც თქვენ, იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები არიან. ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტობრივად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ, იმედგაცრუებაა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული, ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანსატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში მათმა დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია - 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათი წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით - იქნება ეს მაპი, რომელიც ძალიან დაგვიანდა, თუ რაიმე სხვა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად“, - აცხადებს იან ბჟეზინსკი.

როგორც ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი აღნიშნავს, არ დაეთანხმება არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ.

„2008 და 2014 წლებში საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი ზედაპირული სანქციების დაწესება და ნატო-ს აღმოსავლეთში მსუბუქი ძალების კონტიგენტის გაშვება იყო. ერთ წელში ეს ნაბიჯები არსებითად გაქრა, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ფრონტზე და დასავლეთსა და რუსეთს შორის ყველაფერი ნორმალურ ფარგლებს დაბრუნდა.

დღეს, სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია. დღეს ვხედავ ბევრად უფრო მკაცრ და გრძელვადიან პასუხს. დასავლეთი სერიოზულ რისკებზე მიდის უკრაინის მხარდასაჭერად, ამასთან, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს დასავლეთზეც აქვს ეკონომიკური გავლენა და ამ სამიტმა უკრაინას დახმარების პირობა მისცა იმ დრომდე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის იმედისმომცემი უნდა იყოს, ისევე როგორც ის იმედისმომცემია უკრაინისთვის.

ჩემი აზრით, დასავლეთი უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრი რამ კეთდება. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას - ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!“, - აცხადებს ბჟეზინსკი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა