ვახტანგ ძაბირაძე - ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ვისაც ლოგიკა გააჩნია, ბრწყინვალედ ხვდება, რომ თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს არის დასავლეთი

ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ვისაც ლოგიკა გააჩნია, ბრწყინვალედ ხვდება, რომ თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს არის დასავლეთი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ომში საქართველოს ჩაბმა დასავლეთის ინტერესებში არ შედის. ძაბირაძის თქმით, რუსული რიტორიკის ნაწილია ის, რომ თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ითხოვს.

„ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ვისაც ლოგიკა გააჩნია და თუნდაც ზერელედ იცნობს პოლიტიკას და პოლიტიკურ სამყაროს, ბრწყინვალედ უნდა ხვდებოდეს იმას, რომ თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს უპირველეს ყოვლისა დასავლეთია. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - უკრაინას ეხმარება და რამდენი თვე დასჭირდა, რომ დახმარების რაღაც რაოდენობაზე გასულიყო. საქართველოში ომი უკრაინის ომს ვერაფერში წაადგება. სწორი თქვა აშშ-ის ელჩმა, რომ ეს არის რუსული რიტორიკა და ეს რიტორიკა მუდმივად უნდა იმეორონ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ხელისუფლება წინასწარ ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ თუ დეკემბერში საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს იმის გამო მოხდება, რომ თითქოს ქვეყანა ომში არ ჩაერთო.

„მე მესმის დასავლეთის არგუმენტების, მესმის ისიც, რომ დასავლეთი არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას, შემდეგ კი ის მოისროლეს. ეს წმინდა საბჭოური ტიპის მიდგომაა, როდესაც ყველაფერზე ხელს აწერდნენ და არ ასრულებდნენ. ერთი პერიოდი იყო ასეთი აზრი, რომ „ქართული ოცნება“ არის უნიათო, მაგრამ როდესაც მათ ინტერესებს ეხება, მაშინ რატომ არ არის უნიათო? გამორიცხულია, რომ უნიათობით და სიზარმაცით წამოწვნენ კაკლის ქვეშ და ყველაფერი მიუშვეს, ეს გამორიცხულია“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ძაბირაძემ ასევე ისაუბრა ბოლო დროს გამართულ საპროტესტო გამოსვლებზეც.

„ოთარ ჭილაძეს აქვს ერთი ძალიან საინტერესო სტროფი: „ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე - რაღაცა მაინც უნდა იცოდე, რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს - რომ არ დანებდე მტერს არასოდეს“ - ამას ვლაპარაკობ ოპოზიციაზე. ეს 30 წელი უნდა გააანალიზო და გამოიტანო დასკვნები. შეცდომებზე როდესაც არის საუბარი, თუ არ იცი რა უნდა გააკეთო და არ გახსოვს რას აკეთებდი, როგორ წაიყვან ამ პროცესს სწორად? უნდა მიჰყვე ტემპს და არ უნდა დასვა რაღაც რადიკალური, შეუსრულებელი მოთხოვნები. გახსოვთ როგორ დამთავრდა 2009 წლის „კარვების ქალაქი“? წავიდნენ სტადიონზე, რომელიც გაივსო და იქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყვნენ და პატრიარქისთვის ეკითხათ რა გავაკეთოთო. ეს აბსურდია, პატრიარქს როგორ უნდა ჰკითხო პოლიტიკური თემა? რამდენიმე თვის წინ ქალბატონმა ხოშტარიამ ერთ-ერთ მიტინგზე მოუწოდა მომიტინგეებს, ხვალ დილას, 8 საათზე შევიკრიბოთ კანცელარიასთან და არ შევუშვათო მთავრობა. მე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მე ვუთხარი, რომ იქ 7 კაციც არ მივა - მართლაც ასე მოხდა. როდესაც ასეთი მოცემულობა წინ გიდევს და შენ ისევ აანონსებ, რომ წრე შემოვარტყათ „ქაჯეთის ციხეს“ და არ დავიშალოთ, ამას რომ არ გაითვალისწინებ, მიიღებ იმას, რაც მიიღეს. თუ არ იციან რა უნდა თქვან, თუ არ იციან რა უნდა გააკეთონ, მაშინ სჯობს გაჩერდნენ - ჯერ მოიფიქრო, ჩამოყალიბდე და შემდეგ რომ გახვალ გააკეთო.

უარის თქმა იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროცესში, არის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. უნდა მიიღო მონაწილეობა და როდესაც დადგება იმ 12 პუნქტიდან პარლამენტში გატანის დრო, მაშინ პარლამენტში ცალკე უნდა იბრძოლოს და უნდა მოსთხოვო იმ ხალხს, ვისაც ევროკავშირი უნდა, მოდით და დამიდექით გვერდში. ნდობაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ მონაწილეობა უნდა მიიღოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა