შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას ასეთი გაერთიანება არაფერს მოუტანს - კვლავ „ნაცმოძრაობა“ იპარაზიტებს მათ ამომრჩეველზე, ხმებს თავისკენ წაიღებს, ისინი კი ისევ ამ მდგომარეობაში დარჩებიან

3 ივლისის აქცია არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ, რამდენად ევროპულია ჩვენი საზოგადოება და რამდენად არაევროპულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს და საბოლოო ჯამში, რამდენად არაევროპული გახდა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არც გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის მოსაზრებით, ოპოზიციის გუშინდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ ვერ სწავლობენ ჭკუას საკუთარ შეცდომებზეც კი ზოგიერთი პატარა პარტიები.

„ერთი მხრივ, დაბალ ბარიერს ითხოვენ თითქოსდა იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს პლურალიზმი და მრავალფეროვნება და მეორე მხრივ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი ან მისი სატელიტი. თან, საბოლოო ჯამში, თვითონვე ზარალდებიან ამ ყველაფრით. შეხედეთ ნებისმიერ პატარა პარტიას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას ან აჰყვა ან მისი ბოიკოტის პირდაპირი თანამზრახველი იყო, შეადარეთ მისი 2020 წლის საარჩევნო შედეგები 2021 წლის საარჩევნო შედეგებს და საბოლოო ჯამში, [ნახავთ რომ] მათი ყველა ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიწოვა, ყველას წაართვა ხმა, იმიტომ, რომ თუკი რადიკალიზმია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არის და რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ ანუ თვითონ ზარალდებიან, ამ შეცდომაზე საერთოდ ვერ სწავლობენ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციას ასეთი გაერთიანება არაფერს მოუტანს.

„არაფერს მოუტანს გარდა იმისა, რომ კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ იპარაზიტებს მათ ამომრჩეველზე, ხმებს თავისკენ წაიღებს და ისინი ისევ ამ მდგომარეობაში დარჩებიან, ვინაიდან დამოკიდებული იქნებიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ოპოზიციის შიგნით განსახილველი საკითხია ვინ, ვის, სად მიიწვევს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშანი სხვების გარიყვაა და ამ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ არის მცდელობა საკუთარი კოლეგები გარიყოს, რომელთა ერთად სხვა დროს ძალიან კონსტრუქციულად თანამშრომლობს. საერთო ჯამში, კვლავ რადიკალური დღის წესრიგის წამოწევა აქვთ მიზეზად, რასაც 2020 წლიდან მოყოლებული აკეთებენ, თითქმის 2 წელია ცდილობენ საზოგადოება ამყოფონ რადიკალურ დღის წესრიგში და ვინც მათ არ აჰყვება, იმავე მომენტში გარიყავენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სინამდვილეში სად არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის პრობლემა და ეს პრობლემა არის სწორედ ამ რადიკალურ დღის წესრიგში, რომლის წახალისება ხანდახან ხდება იმიტომ, რომ იგივე ამ რადიკალურ ჯგუფებთან ჩვეულებრივ ურთიერთობებს აგრძელებენ ხოლმე თავად კოლეგები“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს.

„3 ივლისის აქცია არის ყველაზე კარგი მაგალითი, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგის მიმართ, რამდენად ევროპულია ჩვენი საზოგადოება და რამდენად არაევროპულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვს და საბოლოო ჯამში, რამდენად არაევროპული გახდა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის კომენტარებიც მოვისმინეთ. არც კი გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს