ირაკლი კობახიძე - ჩვენ რომ ომში ჩავერთოთ, დეკემბერში სტატუსი გარანტირებული გვაქვს - ეს ომი იქნება გამანადგურებელი საქართველოსთვის, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ

ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გამო მიიღო, რომ ომში არის ჩაბმული.

„ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩემი განცხადება არაა, ეს არის ევროკავშირის ლიდერების განცხადება. სწორედ ამის გამო შეგვიძლია გამოვიტანოთ ძალიან ლოგიკური დასკვნა - საქართველო რომ ყოფილიყო ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ეს არის მარტივი ლოგიკა. ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ ითხოვს და ვინ არა ჩვენი ომში ჩართვას. შეგახსენებთ, რომ სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს. მეორე - ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას უკრაინაში, რაც ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას.

საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით - იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს