სალომე სამადაშვილი მაიკლ მაკფოლის განცხადებაზე - სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა, ამ მიმართულებით ალბათ, უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში

ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ მსგავს განცხადებას შემთხვევით არ აკეთებს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთის ხელშეწყობისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, - ასე ეხმიანება „ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის ინტერვიუს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან.

სამადაშვილის თქმით, ფაქტია, რომ საქართველოში გარკვეული პირებისთვის სანქციების დაწესების საკითხი არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ- შიც დგას.

„ჩვენ ადრეც მოგვისმენია არაერთხელ მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება მოხდეს სანქციების რეჟიმის არიდებისთვის და ახლა მოვისმინეთ განცხადება, რომ სავარაუდოდ, სწორედ საქართველოში ხდება ისეთი საქმიანობა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის დახმარების გაწევად. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ინფორმაცია საჯარო შეიძლება გახდეს გაცილებით გვიან, მაგრამ სიგნალი არის ძალიან ნათელი და ეს სიგნალი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებული სტრატეგიული ამოცანის გარშემო და ეს არის რუსეთის დამარცხება რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება სულ უფრო ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ სად დგას საქართველო ამ დაპირისპირებაში თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის.

არ მსურს სპეკულაციებში შევიდე, ვის შეეხება სანქციები, მისი დაწესების შემთხვევაში, თუმცა, ფაქტი არის ერთი, რომ დღეს სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა, ამ მიმართულებით ალბათ, უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ.

„ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკ მაკფოლი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა