ლევან ბეჟაშვილი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არსებითი არ არის - ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, რომელიც კორელაციაშია არასამთავრობო სექტორის 12-პუნქტიან გეგმასთან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არსებითი არ არის - ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, რომელიც კორელაციაშია არასამთავრობო სექტორის 12-პუნქტიან გეგმასთან, - ამის თაობაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის გეგმა იყო.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, ოპოზიცია თავის ჩამოყალიბებულ დღის წესრიგს 7 ივლისს წარადგენს, რომლის ფარგლებშიც გახდება ცნობილი, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ამ დღის წესრიგის წარდგენა მოხდება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, რათა მან პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს. მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენოს, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადავედით. პარლამენტი ახლა რიგგარეშე სესიის ფორმატში უნდა მუშაობდეს, რადგან დრო არის საკმაოდ ცოტა და 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხვალ საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

“ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო