ირაკლი ქადაგიშვილი მაიკლ მაკფოლის განცხადებაზე - გაღიზიანებული არიან, რადგან რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ საქართველო დააზიანონ და რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის?!

გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ ბევრ ამერიკელ და ევროპელ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსს ჰქონია რუს ოლიგარქებთან კავშირი და თუ სანქციების დაწესების ამ გზით წავლენ, სანქცირებულ პირთა დიდი სია გამოვა მსოფლიოს მასშტაბით.

"რეალურად დღევანდელი განცხადება ბორის ჯონსონისა იყო საკმაოდ სკანდალური, რომ იგი თურმე ხვდებოდა რუს ოლიგარქს ლებედევს და იმის შვილი მისი პროტექციით, ლორდთა პალატის წევრი გახდა, თუმცა, ინგლისის უშიშროების სამსახური აფრთხილებდა, რომ ეს დიდი ბრიტანეთისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იქნებოდა რისკის შემცველი, მივყვეთ, რამდენი ევროპელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი იყო რუს ბიზნესმენებთან, ოლიგარქებთან კავშირში. თუ ჩვენ ამ გზით წავალთ, ვის როგორი პოლიტიკური სიმპათიებით უნდა სანქციების დაწესება, ძალიან დიდი სია გვექნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერი სიახლეა. 4 თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ.

„ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა