ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას, არასამთავრობოებს და ექსპერტებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე მუშაობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე მუშაობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

როგორც ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ ოპოზიცია თავის თავში ჩამოყალიბდება.

„ვხედავთ, რომ ოპოზიცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არაა. ოპოზიციონერი დეპუტატები, კომიტეტის წევრები სხდომას არ ესწრებიან. მაგრამ იმედს ვიტოვებ, ოპოზიცია თავის თავში ჩამოყალიბდება და მონაწილეობას მიიღებს ამ სამუშაოს შესრულებაში, როდესაც სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება. ასევე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ პროფესიული შეხება და მუდმივად თანამშრომლობენ და მონიტორინგს აწარმოებენ პარლამენტის საკონტროლო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე მივმართავთ ყველა იმ ექსპერტს, რომელიც საგნობრივად და პროფესიულად მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა სამუშაო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, საშემოდგომო სესიის დაწყების მომენტისთვის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტი უნდა იყოს დარეგისტრირებული.

„იმისთვის, რომ დავინახოთ ის დიდი მუშაობა, რომელსაც საპარლამენტო კონტროლი ჰქვია, როგორ სრულდება, სად ვართ და რა გამოწვევები გვაქვს, რა პრაქტიკაა და ამის საფუძველზე დავინახოთ დამატებით რა საკითხებია წინ წამოსაწევი - ამისთვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავალება მიეცეს კომიტეტს და აპარატს, რათა მოხდეს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა. ამ დოკუმენტის საფუძველზე საგნობრივად შეგვეძლება სამუშაო ჯგუფში ყველა ჩართულ მხარესთან ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს. ეს გულისხმობს შემდეგს - როდესაც გვეცოდინება, დანახული და შეჯერებული გვექნება ის გამოწვევები, რაც შეიძლება საპარლამენტო კონტროლის სახით არსებობდეს ან დამატებითი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეიძლება საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან საჭიროდ ჩავთვალოთ, ამის კანონპროექტად ქცევა და დარეგისტრირება მოვახერხოთ. დედლაინიც გვაქვს განსაზღვრული, რომ 21 სექტემბრისთვის ანუ საშემოდგომო სესიისთვის უკვე კანონპროექტი უნდა გვქონდეს დარეგისტრირებული, ერთი იქნება თუ რამდენიმე, სამუშაო ვითარება გამოაჩენს. უკვე 1-ელი ნოემბრისთვის საპარლამენტო კონტროლის კუთხით პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ან სხვა სახის საკანონმდებლო აქტები უნდა მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაში, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის გეგმის ფარგლებში შეიკრიბა, საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.

კომიტეტის სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრნენ.

პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა