„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პუბლიკაციას: „ვინ მართავს საქართველოს – მართული მმართველი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი“ ავრცელებს

„ვინ მართავს საქართველოს – მართული მმართველი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი“,- ამ სათაურით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პუბლიკაციას ავრცელებს, სადაც საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კარიერაზე, ბიძინა ივანიშვილთან მის კავშირსა და საქმიანობაზე.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილიბიძინა ივანიშვილთან კავშირი უკიდურესად პრობლემურია, „რადგან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუციებისა და მოქალაქეების წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს.“.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა. ის ერთი წლის განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 2015 წლის მიწურულს, პოლიტიკიდან ფორმალურად წასულ ივანიშვილთან „კონსულტაციის“ შემდეგ და ნეპოტიზმისა და კორუფციის ბრალდებების ფონზე, ღარიბაშვილი გადადგა. 4 წლიანი პაუზის შემდეგ, რა დროსაც ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა, ღარიბაშვილი ივანიშვილმა ჯერ თავდაცვის მინისტრად დააბრუნა (2019 წელი), ხოლო 2021 წლის თებერვლიდან კვლავ საქართველოს პრემიერ- მინისტრი გახდა.

კავშირი ბიძინა ივანიშვილთან - ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. პოლიტიკაში მოსვლამდე მისი კარიერა მთლიანად ივანიშვილების ოჯახთან იყო დაკავშირებული: 2004-2012 წლებში, იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ბიძინა ივანიშვილის კომპანიებსა და ორგანიზაციებში; ივანიშვილისვე თქმით, ღარიბაშვილი მისი ოფიციალური წარმომადგენელი და „მდივანი“ იყო, ხოლო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი ასევე იყო ბერა ივანიშვილის პროდიუსერი. ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებს ბოლო წლებში მედიაში გავრცელებულ ორ ფარულ ჩანაწერში, საიდანაც ჩანს მასზე ბიძინა ივანიშვილის გავლენის დონე“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამასთან, ტექსტში საუბარია შესაძლო კორუფციულ საქმეებთან ღარიბაშვილის კავშირზე, მათ შორისაა ნეპოტიზმი და გავლენით ვაჭრობა; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება / სახელმწიფო ქონების მითვისება; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება / სახელმწიფო ქონების მითვისება; დაუსაბუთებელი ქონების დაგროვება

პუბლიკაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მრავალი სერიოზული ბრალდება და კითხვა დაგროვდა, რომლებზეც საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, „უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება შესაძლო კორუფციულ საქმეებზე და ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია რომელიმე მათგანზე“.

„პრემიერ ღარიბაშვილის მაგალითი მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ არანაირი მექანიზმი არ არსებობს – კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ სავარაუდო კორუფციის იმ მრავალ გახმაურებულ შემთხვევას, რომელთა შესახებაც საგამოძიებო ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება ბოლო წლებში საუბრობენ“,- წერია პუბლიკაციაში.

ამასთან, ტექსტის თანამხად, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება პოლარიზაციისა და ძალადობის ზრდა საზოგადოებაში, რომლის ამის მაგალითები იყო: თავდასხმები ოპოზიციურ პარტიებზე (როგორც ოფისებზე, ისე ინდივიდებზე); სამოქალაქო საზოგადოების ლანძღვა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების დევნა; რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება; მოძალადე, პრორუსული ჯგუფების გამოჩენა, გაძლიერება და მათი ღია მხარდაჭერა; ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ აქტივისტებისა (2013 წლის 17 მაისი) და ჟურნალისტების (2021 წლის 5 ივლისი) დარბევა; პოლიტიკური ოპონენტების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროება და ა.შ.

„ერთ-ერთი პირველი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა 2021 წელს პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმი და პარტიის თავმჯდომარის დაკავება იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარის გაკეთებისას, მან თქვა: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებს კიდევ სხვა მუხლებს“, რითაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში პროკურატურა მმართველი პარტიის მიერაა მართული და გამოიეყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდს ემთხვევა ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი ყველაზე გახმაურებული ადამიანის უფლებების დარღვევის ინციდენტები: 2013 წლის 17 მაისს, ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების მიერ ორგანიზებული მცირე დემონსტრაციის დაცვა მრავალრიცხოვანი მოძალადე ჯგუფებისგან. 2021 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველო გაამტყუნა 17 მაისის საქმეში, მას 193,500 ევროს გადახდა დააკისრა და აღნიშნა, რომ ამ დღეს ძალადობა ხელისუფლების „მდუმარე თანხმობით მოხდა“; 2021 წლის 5 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საჯარო განცხადებებით წაახალისა მასობრივი ძალადობა, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო მოგვიანებით 1 მათგანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის მასობრივი ძალადობის არცერთი ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის მიმართ დღემდე სისხლისამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ინფორმაციისთვის, „ვინ მართავს საქართველოს“ არის პუბლიკაციების ახალ სერია, რომლის მიზანია, წინა პლანზე გამოიტანოს კორუფციული შინაარსის ის ბრალდებები და პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც დაგროვდა ქვეყნის მართვაში მონაწილე კონკრეტულ თანამდებობის პირებზე.

პუბლიკაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ: transparency.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა