ზაზა შათირიშვილი - ყველაფერს ამერიკელები აკოორდინირებენ, რითაც ისინი ორ კურდღელს კლავენ: ივანიშვილს ომისკენ უბიძგებენ და შვეიცარიის საბანკო სისტემას თვითდაზიანებით ანგრევენ

ბიძინა ივანიშვილს პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა - ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს.

„ლოგიკას რომ გავყვეთ, სრულიად გაუგებარია, სხვა რა უნდა უნდოდეთ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილისგან, რისთვის შეიძლება უნდოდეთ პოლიტიკაში მისი შემობრუნება ან მმართველ გუნდზე მისი ზემოქმედება.

თუ დღემდე შვეიცარიული ბანკი გადარიცხვების შეჩერებისას ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდა, დღეს მან უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა, რაც თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია.

ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია იმდენად აბსურდულია, რომ მას ვერც ევროპულმა კომისიამ და ვერც ევროპულმა საბჭომ ვერ გაუწია ვერავითარი ანგარიში. თუმცა, როგორც ვხედავთ, რეზოლუციამ თავისი მისია მაინც შეასრულა და ის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედი არაფორმალური სანქციების ნახევრად გაფორმალურების დოკუმენტურ საფუძვლად იქცა. მე მგონია, ივანიშვილმა უკვე სრულად გაიაზრა ის, რასაც ამდენი ხანია ვამტკიცებ. ყველაფერს ამერიკელები აკოორდინირებენ, რითაც ისინი ორ კურდღელს კლავენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს ომისკენ უბიძგებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას თვითდაზიანებით ანგრევენ.

ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მაღალ დონეზეა კოორდინირებული ომში საქართველოს ჩართვისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც რუსეთისთვის მდგომარეობის გართულებას და უკრაინაში სამხედრო უპირატესობის დაკარგვას ისახავს მიზნად. „სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ განსაზღვრული ამ „დიადი მიზნისთვის“ საქართველო საახალწლოდ დასაკლავად გამზადებული ინდაურივით უნდა გაიწიროს.

როდესაც წლების მანძილზე ამ მისიისთვის გამზადებენ, არც ნატო-ში გიღებენ და არც ნეიტრალიტეტზე საუბრის უფლებას გაძლევენ, ნატოსა და „ოდეკაბეს“ შორის ორპირ ქარში გაყენებენ, რთული გამოსაცნობი არაა, რამდენად არიან გაბრაზებული ივანიშვილზე სცენარის ავტორები, რომელსაც ისინი გეგმის მთავარ ჩამშლელად განიხილავენ. მათ აშკარად ღრმად სწამთ, რომ რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ამხელა ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდნენ და მათ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევდათ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას ივანიშვილის პატრიოტიზმთან დაკავშირებით. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს. საქართველოს ყველა პატრიოტი მას ამ საქმეში გვერდში უნდა დაუდგეს. ამხელა ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხოლოდ პატრიოტული ერთიანობით გადავარჩენთ“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა