ირაკლი კობახიძე - შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაცმოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ

დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს.

„მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული.

ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი - „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება:

მაგალითისათვის, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს;

თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ ორმა სატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა;

ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არ ექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.

ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს.

როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:

დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს