ირაკლი კობახიძის განცხადებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია არ ერთვება, რაც იმის გამოხატულებაა, რომ პროცესის ჩაშლა სურს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია არ ერთვება იმის გამოხატულებაა, რომ ოპოზიციას პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა სურს.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის სურვილია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად „ბოლომდე იმუშავებს“.

„ეს პოლიტიკური ძალები ორგანულად არიან დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მათ ეშინიათ, რომ ამით ხელისუფლება ქულებს დაიწერს. ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და ყველაფერს იმისთვის გააკეთებენ, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისათვის მათ კონკრეტული გზა ესახებათ - ეს არის პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა. დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. დღევანდელ შეხვედრას სწორედ იმიტომ არ ესწრებიან, რომ პროცესს დაბრკოლებები მაქსიმალურად შეუქმნან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით უნდა გავაკეთოთო. ყველა შემთხვევაში ჩვენ ამ 12 პუნქტს ვასრულებთ არა ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად,“ - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების სავარაუდო დაწესების საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ თეორიულ ვერსიებზე საუბარი არ სურს.

"რაც შეეხება სანქციების თემას, დე ფაქტო სანქციები მოქმედებს. მე არ მგონია, რომ ეს იურიდიულ სანქციებში გადაიზარდოს, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ძალიან ირაციონალური ნაბიჯი, ამას ვიტყვი ძალიან მარტივად. აქედან გამომდინარე, თეორიულ ვერსიებზე დღეს არ ვისაუბრებ“, -აცხადებს კობახიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა