პეტრე ცისკარიშვილი - რა საჭიროა კომისიები, პარლამენტი არსებობს? არსებობს, ოპოზიცია ვართ პარლამენტში? ვართ, შემოიტანონ კარგი ინიციატივები და ვინმე არ დაუჭერს მხარს? ყველა დაუჭერს - ცალკე, პარალელურ სტრუქტურებს თვალების ასახვევად ქმნიან

ირაკლი კობახიძის განცხადება არის შანტაჟის ენით საუბარი ევროკავშირთან, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთ თვეში, პარლამენტი კონსტიტუციურ კანონს მიიღებს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილია ერთადერთი და მთავარი ბარიერი, რომელიც „საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს ეღობება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

„ქართულ ოცნებას“ ხომ არც სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება ამ პირობებში ევროკავშირმა მოგვცეს, როდესაც დეოლიგარქიზაცია რეალურად არ და ვერ განხორციელდება „ქართული ოცნების“, კობახიძის გადმოსახედიდან იმიტომ, რომ დეოლიგარქიზაცია, რასაც ნიშნავს და გულისხმობს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რამდენიც არ უნდა ატყუოს საზოგადოებას, რომ თურმე რაღაც კანონს დაწერს და ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და დავით კეზერაშვილს შეეხება და ა.შ. ყველას გვესმის, რომ ეს არ იგულისხმებოდა და ევროკავშირმა როცა დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა, ძალიან მკაფიოდ გვითხრა, ეს გამოცდილება უკვე გვაქვს, დეოლიგარქიზაცია მოხდა პრორუსი, დიქტატორული მიდრეკილების ლიდერის სლოვაკეთში თავის დროზე და ბოლო პერიოდში პლახატნიუკი გაუშვა მოლდოვამ, თქვენც თუ ასე მოიქცევით, მაშინ ევროკავშირის კარი თქვენთვის ღიაა და შეგიძლიათ შემობრძანდეთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილია ერთადერთი, მთავარი ბარიერი, რომელიც საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს ეღობება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნას ის მიზანი აქვს, რომ უცხოელებს, მათ შორის საქართველოში მყოფ ელჩებს მოაჩვენონ, რომ „ჩვენ რაღაცის გაკეთება გვინდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია არ გვიერთდება“.

„საუბარია, რომ რაღაც კომისიებს შევქმნით, ოპოზიცია შემოვა თუ არ შემოვა? ამის მიზანი რა არის? რაღაც კომისიას ქმნიან, თითქოს პარლამენტი არ არსებობდეს და გადაწყვეტილებების მიღების ადგილი არ არსებობდეს, თითქოს ცალკეა საჭირო პარალელური სტრუქტურების, ინსტიტუციების შემოღება, რომ პროცესი წამოიწყონ. ეს არის იმისათვის, რომ უცხოელებს, მათ შორის აქ მყოფ ელჩებს მოაჩვენონ, რომ "ჩვენ რაღაცის გაკეთება გვინდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია არ გვიერთდება და აქედან გამომდინარე დეკემბრამდე შედეგს ვერ დავდებთ".

დეოლიგარქიზაცია თუ არ მოხდება, ოპოზიციასთანაც არაფერი გამოუვა მუშა კომისიებს თუ ჯგუფებს, დეკემბერში მაინც მარცხისთვის ხარ განწირული, მერე იტყვიან, თავს გაიმართლებენ, "აი, ყველა ერთად ვიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა" და ევროპას დააბრალებენ ყველაფერს.

მათ სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ხელს მოაწერენ შეთანხმებაზე და იქიდან გადიან ხოლმე ურცხვად, ბრიფინგებით მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მორჩა, ჩვენ ამ შეთანხმების მონაწილეები აღარ ვართ. გადაგდებაზე მათგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, მათ სიტყვა არ შეუნახავთ, პირობებს ყოველთვის არღვევენ, ეს მათი ხელწერაა, მათი ცხოვრების სტილია.

რა საჭიროა ეს კომისიები? პარლამენტი არსებობს? არსებობს. ოპოზიცია ვართ პარლამენტში? ვართ. შემოიტანონ პარლამენტში კარგი ინიციატივები, რომელიც ამ პროცესს წაადგება, იმ 12 პუნქტიდან რომელიმეს მაინც ეხმიანება და ვინმე არ დაუჭერს მხარს? ყველა დაუჭერს. რატომ ქმნიან დამატებით ბიუროკრატიულ ერთეულებს თვალების ასახვევად და მოსაჩვენებლად?“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა