პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კობახიძის დაპირება იმ იგავის მსგავსია, ვირს რომ სტაფილოს დაუკიდებენ - „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ წინა ვალი უნდა გაისტუმროს და შემდეგ შევალთ ნებისმიერ პროცესში

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კობახიძის დაპირება იმ იგავის მსგავსია, ვირს რომ სტაფილოს დაუკიდებენ - მისი წარმოდგენით სტაფილოსავით უნდა ვდიოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუხედავად მმართველი გუნდის პოზიციისა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რიგგარეშე სხდომის მოწვევა კვლავ მათ დღის წესრიგში რჩება.

„საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ ნდობა იყოს პროცესში, ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ვალი უნდა გაისტუმროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების სახით და შემდეგ შევალთ ნებისმიერ პროცესში, რომელსაც წამოიწყებენ. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება პროცესის იმიტაცია, დროის გაწელვა, მუხტი დავარდება და თვალებში ნაცარს შევაყრით საზოგადოებას, რადგან სამწუხაროდ, ვნახავთ, რომ ქვეყანა დეკემბერში სტატუსს ვერ მიიღებს. ამ დროს უკვე რუსი კურატორების დახმარებით „ქართულ ოცნებას“ გამზადებული და მოქოქილი ექნება მესიჯი და იტყვიან, რომ არ მოგვცეს სტატუსი, რადგან ომს გადავარჩინეთ ქვეყანა.

„ქართულ ოცნებას“ რომ ახალ ვალდებულებებში შევყვეთ, აუცილებელია ძველი ვალდებულებები შეასრულოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კობახიძის დაპირება იმ იგავის მსგავსია, ვირს რომ სტაფილოს დაუკიდებენ, რომელსაც მისდევს და მერე ისე იღლება, აღარ სჭირდება ის სტაფილო. აი, ასე დაგვიკიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, ჯერ იყო და გვითხრეს გაზაფხულზე მივიღებთო, მერე ზაფხულშიო, ახლა გვითხრეს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ გააკეთებენ ამას და ასე უნდა ვდიოთ, კობახიძის წარმოდგენით, ვირის სტაფილოსავით საკონსტიტუციო ცვლილებებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს