უჩა მამაცაშვილის ადვოკატი - სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობას აქვს ადგილი

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ტყუილს უწოდებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, „თითქოს სასამართლო სხდომაზე უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა, ვერ დაადასტურა უჩა მამაცაშვილის რეპუტაციული ზიანი და ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმ წუხილებთან, რომელიც უჩა მამაცაშვილს მის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების შედეგად გაუჩნდა“.

მისი თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის დაბრალება ლახავს ნებისმიერი ბიზნესმენის რეპუტაციას და ცხადია, რომ უჩა მამაცაშვილის წუხილებიც, სწორედ მის მიმართ გაჟღერებულ ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებებს უკავშირდებოდა.

„ეს არის მორიგი ტყუილი და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა. სამწუხაროა, რომ მოპასუხე მხარე აგრძელებს მის მიერ არჩეულ ტაქტიკას, სიცრუის ტირაჟირების გზით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის იმგვარად ფორმირება, რომ სასამართლო მოექცეს ამ აზრის გავლენის ქვეშ.

სინამდვილე კი არის ფაქტები და ეს ფაქტები დევს საქმის წარმოების მასალებში. მათ შორის მოწმეების ჩვენებების აუდიო ვერსიები, რომლებიც ნებისმიერ ობიექტურ ადამიანს სწორედ იმის საპირისპირო აღქმას გაუჩენს, რასაც ჩვენი მოწინააღმდე მხარე საჯაროდ აცხადებს.

მოწმე გურამ ცანავამ, რომელიც ჩვენს მიერ მოწვეული მოწმე იყო, დაადასტურა, რომ საერთაშორისო ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის დაბრალება, რა თქმა უნდა, ლახავს ნებისმიერი ბიზნესმენის რეპუტაციას და ცხადია, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილის წუხილებიც, სწორედ მის მიმართ გაჟღერებულ ამგვარ ცილისმწამებლურ განცხადებებს უკავშირდებოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილთან ერთად ის ჩართულია სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ბიზნესპროექტებში, სადაც პარტნიორები მსოფლიო დონის ევროპული ბრენდები არიან. ეს არის, ის რაც რეალურად თქვა უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა და არა ის სიცრუე, რაც გაავრცელა მოწინააღმდე მხარის ადვოკატმა ორგანიზაციამ. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, რომელიც არის ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დაადასტურა, რომ როდესაც ისინი აკეთებდნენ ცილისმწამებლურ განცხადებებს ბატონი უჩა მამაცაშვილის შესახებ, არავითარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც ამჟამად გააჩნიათ ასეთი მტკიცებულებები.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ხოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყველა სპეკულაციური განცხადება, რაც ვრცელდება ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ, არის ცილისწამება და ტყუილი“, - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა