„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი - 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამური სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა

2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი - 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამური სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხებს ეხება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ განმარტავენ, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% - დაახლოებით 26 მლნ ლარი მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 5.1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი - „ლელო“ 3.3 მლნ ლარით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. ამ წელს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. მთავარი აქცენტი გაკეთდა 17 პარტიაზე, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით ან სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა ან იმავე წელს მინიმუმ 100,000 ლარის შემოსავალი მოიზიდა. როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების (თითოეული დაახლოებით 40 მლნ იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა. ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, რაც ქართული პოლიტიკის ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს.

2021 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს ძალაში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ეს ცვლილებები უარყოფითად შეფასდა, როგორც „ეუთო/ოდირის”, ისე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული ცვლილებებით, ორმა პარტიამ - „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარტიამ „ლელო საქართველოსათვის”, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა.

17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% - დაახლოებით 26 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 5.1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი - „ლელო“ 3.3 მლნ ლარით;

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 68% (27.3 მლნ ლარი) კერძო დაფინანსებაზე (შემოწირულებები და სხვა ტიპის კერძო შემოსავალი) მოდიოდა და მხოლოდ 32% (13.8 მლნ ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;

17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო ჯამში 27.4 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 19.8 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 72%) „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 2.9 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო მესამეზე - 2.5 მლნ ლარით „ლელო საქართველოსთვის” იყო.

საბანკო სესხით მხოლოდ ორმა პარტიამ ისარგებლა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” 2021 წლის 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” 12 ნოემბერს ბანკი „ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა, 1.5 თვის ვადით, 13.75%-იანი განაკვეთით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებს, შესწავლის თანახმად, 17-მა პარტიამ მთლიანობაში 41.9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 62% - 25.8 მლნ ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 5.1 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი - „ლელო საქართველოსთვის“ 3.3 მლნ ლარით;

„პარტიების მთლიანი ხარჯების 49% (19 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 21%) და შრომის ანაზღაურება (12%);

რეკლამაზე ყველაზე მეტი - 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (8.4 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგ კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3.8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც - 87% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;

პარტიებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 4.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების 12% იყო. თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს „პროგრესისა და თავისუფლების“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ნულოვანი ხარჯები. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ და „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ ხელფასებზე გაწეული მცირე ხარჯები. განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა - 26 მლნ დახარჯა წლის განმავლობაში, მაგრამ შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო