საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. დახურული შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია არასაპარლამენტო ოპოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ჩამოყალიბება შეძლოს და “ქართულ ოცნებას“ სესიის მოწვევა აიძულოს.
ბეჟაშვილის თქმით, დრო არ ითმენს და პარლამენტმა მუშაობა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
“ქართული ოცნება“ ცდილობს პროცესი კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში გააჭიანუროს, მაშინ როდესაც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია, კანონპროექტების სახით არსებობს და მასზე გადაწყვეტილებების მიღება ხვალვე შეიძლება. დრო არ ითმენს. მნიშვნელოვანია პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და მიღება პარლამენტში, რაც შედის ევროკავშირის 12 - პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების გეგმაში.
"სწორედ ამისთვის იმართება დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ვნახეთ, რა არის "ქართული ოცნების" გეგმა. ისინი არ მალავენ და კობახიძემ გუშინ გამოაცხადა, რომ თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, მაშინ შეიძლება შეასრულოს ვალდებულებები, რასაც ევროკავშირი ითხოვს. ეს არის რეალური გეგმა "ქართული ოცნების", რომ საბოლოოდ ჩააგდონ სტატუსის მიღების პროცესი", - განაცხადა სამადაშვილმა.