გია ხუხაშვილი - დღეს ბიძინას ორი ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ორივეს ირაკლი ჰქვია

ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ მოცემულობაში ოპოზიციას შეუძლია, არის ის, რომ მათ უნდა გამოაცხადონ მორატორიუმი ნებისმიერ პოლიტიკურ დისკუსიაზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ევროკავშირის პირობების შესრულება არ უნდა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა რომ თვითონ დაბრალდეს და სურს, რომ ოპოზიციას გადააბრალოს.

„მით უმეტეს აგვისტოა, ზაფხულია, მისცენ ხელისუფლებას ერთი თვე იმისათვის, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ამ 12 პუნქტის შესრულების თავისი ვარიანტი. იმუშაონ, ხელი არ შეუშალოს ოპოზიციამ. არსებული მოცემულობით, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან და ა.შ. ჰგონიათ, რომ ამით საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში ამით ასრულებენ იმ სცენარს, იმ ხაფანგში ებმებიან, რაც ხელისუფლებას აქვს დაგებული. ხელისუფლებას მაღალი ალბათობით ამ პირობების შესრულება არ უნდა, არ უნდა, რომ თვითონ დაბრალდეს, უნდა, რომ ოპოზიციას გადააბრალოს. ამაზე აგებენ ყველაფერს, რომ ჩვენ რა ვქნათ, გვინდა მუშაობა, მაგრამ ესენი არ გვაძლევენ საშუალებას, ამიტომ ჩაეხსნან რა, დაანებონ თავი“, - განაცხადა გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოთხოვნა „აბსურდია“ და ამასაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს.

„რად უნდათ ეს რიგგარეშე სხდომა, რა უნდა გადაწყვიტონ ამ რიგგარეშე სხდომაზე? ისევ დაპირისპირება, რაზეც ხელისუფლება იტყვის, რომ აი, არაკონსტრუქციულები არიან, არ უნდათ მუშაობა, ჩვენ ვეპატიჟებით სამუშაოდ, ესენი არ მოდიან.

ოპოზიციამ რომ არ მისცეს ხელისუფლებას მისკენ ხელის გაშვერის საშუალება, უბრალოდ პირველ სექტემბრამდე წავიდნენ ზღვაზე, დაისვენონ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ოპოზიცია ამ 12 მუხლს ხომ ვერ შეასრულებს? არანაირი ინსტრუმენტი ამისი არ აქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დავაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით აღნიშნული დავა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ „პოლიტიკად მონათლეს, რაც შემდეგ ძალიან ოსტატურად გამოიყენა ბანკმა“.

„ეს გადავიდა პოლიტიკაში და პოლიტიკაში იცით ვინ გადაიყვანა? ბანკმა და ოპოზიციამ კი არ გადაიყვანა ან არახამიამ, ღარიბაშვილმა და კობახიძემ გადაიყვანა. რომ გამოვიდნენ და დაიძახეს, ბანკი იმიტომ არ აძლევს ფულს, ომში ჩათრევა უნდათო, პოლიტიკად ამათ მონათლეს, გადაიყვანეს პოლიტიკაში, რაც მერე ძალიან ოსტატურად გამოიყენა ბანკმა. ამათმა თვითონ შეუქმნეს საფუძველი, დღეს ბიძინას ორი ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ორივეს ირაკლი ჰქვია. ესენი ახლა ბიძინას რასაც უკეთებენ ძალიან გამოცდილი და მზაკვარი მტერი ვერ გაუკეთებს, პირდაპირ ძირავენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს