იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას 11 ივლისს აპირებს

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულებას, ორშაბათს, 11 ივლისს აპირებს. აღნიშნულის შესახებ ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, ყოფილი პრეზიდენტი შეხვედრაზე უარს არ ეტყვის.

„მე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ორშაბათს მქონოდა საშუალება შევხვედროდი ბატონ სააკაშვილს, შესაბამისად, ორშაბათს ვაპირებ მივიდე, სადაც იმყოფება და პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შემხვდება თუ არა. უარს არ ველოდები ადამიანურად, ვუშვებ, რომ შემხვდება. ბევრ რამეს ვკითხავ, მათ შორის, ნაწილს ისეთსაც, აქ სალაპარაკო საერთოდ არ არის, ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, გავიგო რა არის ის პირობა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მიხეილ სააკაშვილისგან, როლის შემდეგადაც ჩემთვის გასაგები იქნება, ისინი თანახმა არიან აღიარონ, რომ შესრულდა ის 12 მოთხოვნა, რაც ევროკავშირს აქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პარალელურად, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტი ვერ შესრულდება.

„გაცხადებულად ვამბობ წინასწარ, რაც მაინტერესებს, მგონია, რომ თუ მიშა ციხეშია 6 თვის თავზე და კიდევ ეს პროცესები მიდის, ჩვენ იმ მოთხოვნას დეპოლარიზაციის შესახებ ვერ შევასრულებთ, მე მინდა, რომ ეს მოთხოვნა შევასრულო, ამისთვის მინდა ყველაფერი გავაკეთო. იქნებ, არ გამოდის ხვალ და ზეგ, მაგრამ 6 თვის თავზე, უნდა გამოვიდეს, ან თუ არ გამოვიდა, უნდა ვიცოდეთ რის გამო არ მიგვიღეს ევროკავშირში. შესაბამისად, პასუხისმგებლობის გადატანა „ქართულ ოცნებაზე“ ასე ხომ უფრო მარტივია. მე არ მინდა, რომ ამან ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, მე არ მგონია, რომ გუშინ იყო გადასაყვანი, მაგრამ მე ახლა მგონია, თუ ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, ხელი არ უნდა შევაშლევინოთ ამ პროცესს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილმა ფორმალურად ყველა საქმეზე ბრალი უნდა აღიაროს, ყველა საქმეზე მიესაჯოს და ექსტრადიციის წესით გაუშვან იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა.

„სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ჩემი მოთხოვნა იყო და რომ დაიჭირეს სააკაშვილი, მის მერე ამას ვამბობდი. ჩემი აზრით, ამ მოთხოვნას თავისი შინაარსით ყავლი გაუვიდა ცოტა, ჩემი აზრით, მოთხოვნა ოდნავ განსხვავებული უნდა იყოს, აქ უნდა დამთავრდეს ყოველგვარი საქმე, უნდა მიესაჯოს, საზღვარი რომ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ხომ ვიცით, ამ საქმეზე ადვოკატების სიტყვას, ან სიარულს იქ, რამე მნიშვნელობა ხომ არ აქვს, ხომ ვიცით რომ კაცი აქ არის, აქ დავიჭირეთ, უბრალოდ, ფორმალურად ყველა საქმეზეა ბრალი ასაღიარებელი, ყველა საქმეზე მიესაჯოს და ექსტრადიციის წესით მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის. მიხეილ სააკაშვილს მე ვერ დავუყენებ პირობას, საჯარო სივრცეში როცა ამას ვამბობ, თვითონ მიხეილ სააკაშვილი როგორ უყურებს, ეს მაინტერესებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ 12 პუნქტის შესრულებაზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მისი არშესრულება „ქართულმა ოცნებამ“ სხვას არ დააბრალოს.

„ხელისუფლებამ ხომ ვითომ პროცესი შექმნა და სიმულაციური, როგორც ამბობენ. ეს უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი ღონისძიება გავხადოთ. სანამ აქ მოვიდოდი, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვხვდებოდით, იქაც ვთქვი, ნაცვლად რაღაც ბოიკოტისა, არ შესვლისა და ხალხის დამუნათებისა, ყველანი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიებიც უნდა შევიდეთ სადაც ამაზე საუბარი იქნება, შეიძლება ერთმანეთს არ დავეთანხმოთ და ყველას სხვადასხვანაირად გვინდოდეს „ქართული ოცნების“ კრიტიკა, მაგრამ მოდი, ეს გავაკეთოთ და ადამიანებს ვაჩვენოთ, ნახეთ, „ქართული ოცნება“ როგორ არაფრის გაკეთებას არ ცდილობს.

მიტინგებზე სწორად ვერ დავაყენეთ მოთხოვნები, იქ რაღაც შეცდომები დავუშვით, ხალხი დაიშალა, ახლა არის პოლიტიკური პროცესი საწარმოებელი. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესის იმიტაცია დაიწყო, მათ უნდათ, რომ ეს იმიტაციად დარჩეს და იქ არავინ შევიდეს, ეს იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც საგამოძიებო კომისია რომ იყო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დადიოდა. ახლაც იგივეს აპირებენ, ბოლოს, ან ევროპელებს, ან „ნაცებს“, ან ვიღაცას დააბრალებენ, ყველას დააბრალებენ, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაბრალება უბრალოდ არ გამოდიოდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ყველაფრის დამაბრკოლებელი ფაქტორი ოპოზიციისა და მთავრობის ერთმანეთთან ჩხუბია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს