სანდრო რაქვიაშვილი - თუ ვიღაც მოგვიწოდებს ომში ჩართვას, თქვი სახელი, გვარი, როდის და რა გარემოში თქვა ეს - თუ ასეთი პატრიოტი ხარ და პარტიაც კი დატოვე ამის გამო, თქვი ბოლომდე

სკეპტიკურად ვარ მთლიანად შედეგის მიმართ, რადგან პოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის ნაწილში აშკარად ვიჭედებით და გამოსავალი ჯერ არც გვიპოვია, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმიდან 10 საკითხის შესრულება შესაძლებელია.

„კონტურებიც კი არ გვაქვს და პოლარიზაცია უფრო იზრდება. დანარჩენი 10 პუნქტი შესრულებადია და ალბათ მათ შევასრულებთ ამა თუ იმ ფორმით ისე, რომ ევროპელებიც დათანხმდებიან, რომ ეს 10 პუნქტი შესრულდა. სასამართლოში არ გვთხოვენ ფუნდამენტურ რეფორმას - ეს ფაქტია, რადგან 6 თვეში ამის გაკეთებას ვერავინ მოგვთხოვს. დასავლეთი გვთხოვს ტექნიკურ რაღაცებს - იუსტიციის საბჭოს წევრები და ა.შ. გასაგებია, რომ ამ პროცესში შეიძლება გავიჭედოთ, რადგან 90 ხმა სჭირდება და „ქართული ოცნების“ ხმები არ არის საკმარისი, მაგრამ რაღაც კომპრომისს ვიპოვით, როგორც მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ავირჩიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებული კანდიდატი. ამას მხარი „ქართულმა ოცნებამაც“ კი დაუჭირა. მგონია, რომ რაღაც კომპრომისი ამ ნაწილში შეიძლება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ 3 დეპუტატის შესახებ, რომელთაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობა დატოვეს. რაქვიაშვილი ასევე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩისთვის, კელი დეგნანისთვის განკუთვნილ ღია წერილს.

„არ არის ლამაზი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყაველაშვილი რასაც ლაპარაკობს, ცხადია ამას „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს. თვითონ კობახიძე ეთანხმება ყაველაშვილს და ამ სამეულს და ამბობს, რომ არ შეუძლია ეს ფორმა გამოიყენოს. რა მნიშვნელობა აქვს ამას? თუ ეთანხმები, პირდაპირ თქვი. ეს არ მომწონს. ვითომ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც ვითომ სიმართლეს ამბობენ, თან „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ეს უბრალოდ ცოტა უხერხულიც არის.

არახამია რომ ამბობდა რაღაცებს და „ქართული ოცნება“ პასუხობდა, მტკიცებულება დადეთო, თუ ვიღაც მოგვიწოდებს ომში ჩართვას, თქვი სახელი, გვარი, როდის და რა გარემოში თქვა ეს. ალბათ, მარტო ყაველაშვილი არ ედგა იმ მომენტში გვერდზე, ხომ? თუ ყაველაშვილი იყო, ალბათ ვიღაც კიდევ იყო. თუ ყაველაშვილმა თვითონ არ იცის, მაშინ ვინ იცის? ღიად ვილაპარაკოთ. წარმოიდგინეთ, თუ ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევაზე არის საუბარი, ნუთუ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გულწრფელად ვილაპარაკოთ? თუ ასეთი პატრიოტი ხარ და პარტიაც კი დატოვე ამის გამო, თქვი ბოლომდე. როდესაც არაფერს ამბობ და რაღაც ბრალდებებს აყენებ ტექსტის უცნაური სტილით, ეს არ მესმის.

რაღაც პრობლემა ან მისი მოლოდინი რომ ჩნდება, „ქართული ოცნება“ წინასწარ რაღაც მესიჯებს უშვებს და ტესტავს სოციოლოგიურად. ახლა ეს არის ერთგვარი დატესტვა იმ ჩავარდნის გამართლების, რომელიც შეიძლება დასჭირდეთ. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ „აშშ-ის ელჩი ცუდია“, „ომი გინდათ?“ ხალხზე მოქმედებს, მაშინ შეიძლება ეს გამოიყენონ თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ. ეს რომ დატესტო, ვინმემ საჯარო სივრცეში ეს უნდა თქვას, მედიამ ამაზე უნდა ილაპარაკოს, რათა ამომრჩევლამდე ეს ინფორმაცია მივიდეს. თუ აღმოჩნდა, რომ ყაველაშვილის ვერსიას უფრო ემხრობა ხალხი, მაშინ ამას გამოიყენებენ. მაგალითად, ბარიერის ნაწილი იმიტომ კი არ დაწიეს, რომ პოლარიზაცია აღელვებთ, რაც კობახიძემ თქვა. რეალურად, თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, „ოცნებას“ რეიტინგი გაეზრდება, ზეიმს მოაწყობენ, კონკურენციის არ შეეშინდება და დაბალი ბარიერით შეიძლება არჩევნებზე გავიდეს. თუ ვერ მივიღეთ, მაშინ კონკურენტულ სისტემაში წააგებს არჩევნებს და სჭირდება მაღალი ბარიერი, რადგან მისი გადალახვის შანსი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება. ისევ დაიწყება ჩვეულებრივი ამბავი - „მიშა მოვა“, „ნაცები მოვლენ“, „ომი გინდათ?“ და ა.შ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა