რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს

ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში, ახალციხეში, გორში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.

თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ, თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილმა და გორის საკრებულოს წევრმა, მიხეილ გოგინაშვილმა დატოვეს.

ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ნიკა სამხარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა „ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“.

„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, - ნათქვამია ნიკა სამხარაძის განცხადებაში.

თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადამდგარი ომარ ჯიხვაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ „როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება“.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერია ჯიხვაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე კი აცხადებს, რომ მის „ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს“.

„ამ ჩემს „ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს, მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია.

რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით - აქ არაფერი არ მომხდარა? მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას", - წერს გიორგი ღამბაშიძე.

როგორც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა".

"ვიცი რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს. რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ "ნაცები" არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს. ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს! ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.

ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა. რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დაჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!" - წერს სოციალურ ქსელში საბა კბილაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ გოგინაშვილმა სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გააკტირიკა.

„ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდეის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს...

მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინე კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა.

ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას" და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში", - დაწერა გორის საკრებულოს წევრმა ფეისბუქზე.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება