საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პარლამენტს წერილით მიმართავს

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართავს. წერილის ავტორები მიმარავენ ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას, დაუყოვნებლივ დაიწყონ ხელმოწერათა შეგროვება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის უმოკლეს ვადაში მოწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

“ვაცნობიერებთ რა ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობის ისტორიული შანსის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხისათვის;

ხაზს ვუსვამთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;

ხაზს ვუსვამთ რა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა 85 პროცენტის უპირობო და ურყევი ნებაა ევროპის კავშირში საქართველოს გაერთიანება;

ხაზს ვუსვამთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელსაც ქართველმა ხალხმა მიანდო თავისი ნებისა და ძალაუფლების განხორციელების უფლებამოსილება, და მან უნდა იტვირთოს წამყვანი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში;

გვესმის რა, რომ საქართველოსათვის ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის დასმული 12 პირობის შესასრულებლად რჩება ძალზე მცირე დრო და ამ პირობათა შესრულება საჭიროებს ძალთა სრულ და დროულ მოკრებას;

გვჯერა რა, რომ საჯარო დისკუსია და საზოგადოების ჩართულობა ზოგადად არის ხელისუფლების პოლიტიკური ვალდებულება, ასეთ ისტორიულ საკითხში კი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების ფუძემდებლური პრინციპი,

მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას, პარლამენტის თითოეულ წევრს, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებისა, რომელთათვისაც ძვირფასია საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ურყევი ნება, დაუყოვნებლივ დაიწყონ ხელმოწერათა შეგროვება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის უმოკლეს ვადაში მოწვევის მოთხოვნით ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისათვის აუცილებელი ყველა პირობის სრულად და უპირობოდ შესრულების მიზნით“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: გიორგი ახალკაცი; ვახტანგ ძაბირაძე; ოთარ ბენიძე; ზურაბ ჯიბღაშვილი; თენგიზ თევზაძე; გიორგი ინაური; ბესიკ ლოლაძე; ზურაბ მარაქველიძე; ლია მუხაშავრია; ანა ფირცხალაშვილი; ვახტანგ ხმალაძე; ნინო ციხისთავი-ხუციშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა