რამაზ საყვარელიძე - ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს - ლოგიკას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა

ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს - ლოგიკას ვხედავ იმაში, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს ოპოზიციაშია, 2003 წელსაც ოპოზიციაში იყო და მაშინ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდნენ, ამიტომ გასაკვირი არ იქნება „ანალოგიური სცენარი თავში რომ გაივლოს ოპოზიციამ“.

„ოპოზიცია წყნარი არჩევნების პირობებში საჭირო ხმებს ვერ აგროვებს და წესით უნდა აწყობდეს ეს ღელვა. მათ აწყობთ საპროტესტო მუხტი იმიტომ, რომ საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი და რევოლუციურმა მუხტმა შეიძლება არჩევნების გზის გვერდის ავლით მიიყვანოს ეს ჯგუფი ხელისუფლებამდე.

ლოგიკას ვხედავ, რომ ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა. რომ გავიხსენოთ 2003 წელი, „ვარდების რევოლუცია“, ის ხალხი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მაშინაც ოპოზიციაში იყო, მოხდა არჩევნებთან დაკავშირებული უკმაყოფილება და მუხტის აწევა იმ დონემდე, რომ წავიდა შევარდნაძე და ამას მიჰყვა მთელი „მოქალაქეთა კავშირი" და ხელისუფლების ვაკანსია აღმოჩნდა თავისუფალი. ანალოგიური სცენარი თავში რომ გაივლოს ოპოზიციამ არ გამიკვირდება იმიტომ, რომ გამოვლილი აქვთ ეგ გზა, რევოლუციური გზით მივიდა ეს ჯგუფი ხელისუფლებაში თავის დროზე“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში ევროკავშირის შემოთავაზებულ 12 პუნქტიან რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მათგანი „არაადეკვატურია“.

მაგალითად, მისი თქმით, გაუგებარია როგორ უნდა დარეგულირდეს დეპოლარიზაციის პროცესი.

„რაღაც რაოდენობა ხალხს 24 რიცხვში ეკავათ სურათები, იძახდნენ „მიშა, მიშას“, მიშა ისედაც ვერ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ ეს ხალხი ისევ მას მიყვება და ეს პროცესი როგორ უნდა დარეგულირდეს? ამიტომ, დეპოლარიზაციის მოთხოვნა ცოტა არაადეკვატური მოთხოვნაა. გახსოვთ ალბათ, თავის დროზე ასეთი პოლარიზაცია იყო ზვიადის მომხრეებთან და დიდხანს ესენი მიტინგებს აწყობდნენ და ზვიადი უკვე გარდაცვლილი იყო, წასული იყო პოლიტიკიდან, მაგრამ პოლარიზაცია დარჩენილი იყო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ასევე არ არსებობს კრიტერიუმები, რომლითაც დეოლიგარქიზაციის მოგვარება იქნება შესაძლებელი.

„არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად წასულია პოლიტიკიდან, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარედან არაფერი გითხრან მაგრამ შინაგანმა ცენზურამ შიგნიდან იმუშაოს რაღაც პრინციპმა, რომელსაც გაატარებთ. ასეთი შინაგანი ცენზურა შეიძლება გუნდში იყოს, იმას რას უშვრებით? არ მეგულება კრიტერიუმები, რომლითაც დეოლიგარქიზაციის მოგვარება გავლენის მხრივ იყოს შესაძლებელი, ნენსი რეიგანს რეიგანზე გავლენა არ ჰქონდა? ზოგი თვლის, რომ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერს. ცოლებსაც საერთოდ გავლენა აქვთ, რა უნდა ვუყოთ მათ გავლენას? დავუშვათ მოვისროლეთ ივანიშვილი, გადავასახლეთ აფრიკაში და ამით ჩავთვალეთ, რომ მოვაშორეთ ქართულ პოლიტიკას? ვერ დარეკავს აფრიკიდან? ტელეფონი არ არის?“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა