იაგო ხვიჩია - სასამართლოსთან დაკავშირებულ პუნქტს, "ოცნება" ტექნიკურად შეასრულებს, კანონში ცვლილებებს შეიტანს და იტყვის, რომ ახლა უკვე ევროპული სასამართლო გვაქვს

სასამართლოსთან დაკავშირებულ პუნქტს, ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ტექნიკურად შეასრულებს, კანონში ცვლილებებს შეიტანს და იტყვის, რომ ახლა უკვე ევროპული სასამართლო გვაქვს - იმისთვის, რომ მართლა რამე ეშველოს სასამართლოს ამ ქვეყანაში, სულ სხვა რამეა გასაკეთებელი, მაგრამ ზედმეტს ნუ მოვთხოვთ ამ პროცესს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმას რეალურად 6 თვე არ ეყოფა, ამიტომ ახლა მოთხოვნები ისე უნდა შესრულდეს, რომ ევროპელებისთვის გასაგები იყოს, რომ შესრულდა. ხვიჩია მიიჩნევს, რომ ამას დასავლელი პარტნიორები იმ შემთხვევაში დაიჯერებენ, თუ 12 პუნქტს კონსენსუსით შეასრულებენ.

"მე ვუსმენ ჩვენი სასამართლოს წარმომადგენლებს და ისინი ამბობენ, რომ უკვე დანერგილი აქვთ ევროპული სტანდარტი და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინაც კი ვართ და ვფიქრობ, ამ სტანდარტის დაკმაყოფილება პრობლემა არ უნდა იყოს. ამ პუნქტს (სასამართლოზე) ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ შეასრულებს ტექნიკურად, კანონში ცვლილებებს შეიტანს რაღაცებს გააკეთებს და იტყვის, რომ ჩვენ ახლა უკვე ევროპული სასამართლო გვაქვს, როგორც ეს ჩვენ გვესმის ყველა რეფორმის შემდეგ სასამართლო სისტემაში, მაგრამ იმისთვის, რომ მართლა რამე ეშველოს სასამართლოს ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით, სულ სხვა რამეა საერთოდ გასაკეთებელი. ჩვენ უბრალოდ ზედმეტს ნუ მოვთხოვთ ამ პროცესს, რომ რაც არსებობს, ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. ოპოზიციიდან ჩემი კოლეგების და ენჯეო სექტორის ხედვებს გაიზიარებს თუ არა "ქართული ოცნება", მნიშვნელობა არ აქვს, ეს მაინც არაფერს შეცვლის. ჩვენი („გირჩის“) ინტერესია, ჩვენი ხედვები გაიზიარონ. თუ არ გაიზიარებენ, საზოგადოებას ვეტყვით, ჩვენი აზრით როგორი უნდა იყოს სასამართლო, მაგრამ აქ სხვა პროცესი მიმდინარეობს, მიმდინარეობს ევროპელების მოთხოვნების შესრულების პროცესი ტექნიკურად, რომელიც ჩემი აზრით, სასამართლო ნაწილში ეფექტური არ იქნება, მაგრამ ამ ნაწილში ბევრსაც ნუ მოვთხოვთ ევროპელებს. სასამართლო ჩვენი გასაკეთებელია და ამას 6 თვე არ ეყოფა. ამას მეტი მუშაობა სჭირდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ, ახლა ისე უნდა შევასრულოთ, რომ იმათთვის გასაგები იყოს, რომ ეს მოთხოვნები შევასრულეთ. თუ ამას კონსენსუსით მივიღებთ, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მივალთ ევროპელებთან და ვეტყვით, რომ ეს 12 პუნქტი შევასრულეთ, დაგვიჯერებენ. თუ კონსენსუსი არ იქნება და დეტალური განხილვა წავა - არა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ის პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდება. "რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეთ, სჯობს, ამ გეგმებზე ამ ტრიბუნიდან ილაპარაკო, რომელიც "ქართულ ოცნებას" ამ საქმისთვის აქვს შექმნილი, ვიდრე დანარჩენი კოლეგები ლანძღო, ცალკე გახვიდე, ოთახში ჩაიკეტო და იმ გეგმებზე ილაპარაკო, რაც შენს გარდა არავის აინტერესებს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო