შალვა პაპუაშვილი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის ინიცირება 1-ელ სექტემბრამდე მოხდება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის ინიცირება 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო მესამე მოსმენით კანონის მიღება 18 ნოემბრამდე მოხდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე, კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ევროკავშირის რეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას და შესაბამისად, კანონმდებლობაში საჭირო ცვლილებების მომზადებას ითვალისწინებს.

„გვქონდა საინტერესო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეს კანონმდებლობაში აისახოს. შეგროვდება იდეები და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე მოხდება დამუშავება ცვლილების სახით. გეგმის მიხედვით, პირველ სექტემბრამდე მოხდება შესაბამისი ცვლილების ინიცირება და 18 ნოემბრამდე მოხდება მესამე მოსმენით კანონის მიღება. შეხვედრის მონაწილეები, ძირითადად, ყველა, აღნიშნავდნენ, რომ პრაქტიკაში მოსამართლეებმა უფრო ინტენსიურად და არა მხოლოდ ფორმალურად, გამოიყენონ გადაწყვეტილებები მასზე მითითებით. მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს, მაგალითად, წვდომა სასამართლო პრაქტიკაზე, მათ შორის, ის, რომ ითარგმნოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მიეწოდოს ეს იურიდიულ საზოგადოებას. ამ მხრივ არის სტრუქტურები, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებაზე, მის მიწოდებაზე მოსამართლეებისთვის, ამიტომ, მეტნაკლებად, თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკის გაუმჯობესება შესაძლებელია. თავისთავად, მე-11 პუნქტი, ალბათ, არ იქნება რთული პუნქტი შესასრულებლად“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა