ლევან იოსელიანი - ბევრად უფრო ადვილი იქნება არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბევრად უფრო ადვილი იქნება, არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრებაც, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიიღებს, ის არ შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.

„ერთადერთი სწორი გამოსავალი მართლა ეს არის: ბევრად უფრო ადვილი იქნება „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით ხელისუფლებიდან გასტუმრებაც, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება. დღეს ხომ არის განცდა, რომ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რა პრობლემაც არ უნდა იყოს, მაინც მოაგვარებს. როდესაც ეს ადამიანი პოლიტიკაში იქნება, ეს ყველა კითხვა პირადად მას მიემართება, ის ან მოაგვარებს ან ვერა, აქ არ იქნება ბურუსით მოცული სიტუაცია. თუ ასე არ მოხდება, როგორი კანონიც არ უნდა მივიღოთ [დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით,] ის მასთან კავშირში ვერ იქნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის საკითხს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გზების მოსაძებნად, მისი თქმით, თუ პროცესში ყველა მხარე ჩართული არ იქნება, წარუმატებლობის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს ოპოზიციას გადააბრალებს.

„საქმე საქმეზე რომ მიდგება და „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულოს ჯეროვნად ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ისევ ოპოზიციას გადმოაბრალებს, - „რა მექნა?! არ მოვიდნენ.“ ვიცით, დამოუკიდებლად ბევრი რამ რომ შეუძლიათ, უმრავლესობა აქვთ, რამის გაკეთება რომ სდომებოდათ, გააკეთებდნენ და საერთოდ ეს 12 პუნქტი დღის წესრიგში არ დადგებოდა და კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა. ისიც ვიცით, რომ არ გააკეთეს და დღეს აუცილებლობაა იმის, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. აქ რომ ყველას აქვს პასუხისმგებლობა, ესეც ცხადია. თუ ეს პროცესი არ იქნება ინკლუზიური, ყველა აქტორი თუ არ იქნება წარმოდგენილი, ძალიან მარტივად შეძლებს ხელისუფლება, მერე ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალოს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო