სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სამსახურის შექმნის დღიდან - 2022 წლის 1 მარტიდან მაისის თვის ჩათვლით, საქმიანობის ამსახველ ძირითად სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, განხორციელებული პროექტების შეჯამებაზე, გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვარტალურ ანგარიშში მთავარი აქცენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების პროცესზეა გაკეთებული.

„ანგარიშის მიხედვით, სამსახურის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების მიზნით, უწყების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, ჩამოყალიბდა სამსახურის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა, სამსახურს დაემატება 3 ახალი სამმართველო: აღმოსავლეთ საქართველოს (თბილისის) მეორე სამმართველო, ასევე, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოები. ასევე შეიქმნა გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელიც კონტროლს გაუწევს უწყების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების დროულ და ეფექტიან გამოძიებას, უზრუნველყოფს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზებას და გამოძიების პროცესში ყველა რელევანტური სარეკომენდაციო/სახელმძღვანელო მითითების შემუშავებას და მათ შესრულებაზე მონიტორინგს.

ანგარიშში საუბარია სამსახურის მიერ ჩატარებული 15 (თხუთმეტი) ღია და 2 (ორი) შიდა კონკურსის შესახებ და აღნიშნულია, რომ ვაკანტურ პოზიციებზე პირთა შერჩევა ყველა შემთხვევაში განხორციელდა ღია და რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე. საკონკურსო კომისიაში, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის, სამეცნიერო წრისა და კონკრეტული დარგის მოწვეული წარმომადგენლები“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კვარტალურ ანგარიშში ხაზგასმულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციის შესახებ. 2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება მედიის და საზოგადოების ინფორმირება.

ასევე, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სახალხო დამცველთან, საქართველოს პარლამენტთან და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.

ანგარიშში დეტალურადაა გაშლილი მარტი-მაისის თვის გამოძიების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის პირველ ნოემბერს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებზე აწარმოებს. 2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გაიზარდა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 12 მუხლით, რომლებიც ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას, დევნას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

კვარტალური ანგარიში მოიცავს ასევე ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე განხორციელებული რეაგირების, გამოძიების დაწყების მაჩვენებლის და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს მარტი-მაისის პერიოდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა სულ 767 შეტყობინება.

„2022 წელს მარტი-მაისის პერიოდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება სულ 104 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. 2022 წელს მარტი-მაისის პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 10 სისხლის სამართლის საქმეზე სულ 11 პირის მიმართ დაიწყო.

ანგარიშში დეტალურადაა გაშლილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. ეს ეხება სამოხელეო დანაშაულის პრევენციის სპეციალურ საბჭოს, რომლის შექმნასაც სამსახური მომდევნო კვარტალში გეგმავს. ასევე, მომდევნო კვარტალში, სამსახური ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნასა და ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის დანერგვაზე მუშაობას იწყებს.

ასევე დაგეგმილია დონორი ორგანიზაციების საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობაა. სამსახურის საქმიანობის ამსახველი ძირითადი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური ყოველ სამ თვეში გეგმავს, ასევე მოხდება 2022 წლის პირველი კვარტალური ანგარიშის გაზიარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სახალხო დამცველთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კვარტალური ანგარიში სრულად https://sis.gov.ge/ka/page/angarishebi

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა